ვირტუოზულად გადადო

   აფრიკაში ტურნეზე მყოფ ბრიტანეთის "ლომებს" იღბალმა უმტყუნა: ტრავმათა გამო შერკინებაში მიწოლა რომ აიკრძალა და სტუმრებს უკანა ხაზიც აერიათ, უიმედოდ ჩამორჩენილმა "ბოკემ" თამაში გარდატეხა და მატჩის ბოლო დარტყმით, საკუთარი ნახევრიდან გაიტანა გამარჯვების გოლი.

"ლომები" მოგებას თუ ვერა, ფრეს კი ალალად იმსახურებდნენ. ამით სერიის ბედი მესამე მატჩშიღა გადაწყდებოდა, ახლა კი ბოლო რკენა ღირსებისთვისღა იქნება. ბრიტებმა ტურნეებზე ზედიზედ მეშვიდე (!) ტესტი ჩააფლავეს და სამხრეთელ მასპინძელთან (2001 ავსტრალია, 2005 ზელანდია, 2009 აფრიკა) მესამედ წააგეს სერია, მაგრამ ისე გულიანად იბრძოლეს, რომ მათ გასაკილად ენა ვერ მოუბრუნდება იმ 25 ათას ფანს, ვინც გუნდს შორეთში გაყვა.

ზღვის პირას, დურბანში ძლეულმა "ლომებმა" ზეგანზე, დედაქალაქ პრეტორიაში თავიდანვე იძალეს და ათი ქულით გავიდნენ წინ. საწყის 25 წუთში ბრიტებს ბურთის ფლობის მაჩვენებელი 71 პროცენტი გამოუვიდათ. მსოფლიოს ჩემპიონი აფრიკა დაბნეული და მოშლილი ჩანდა, რაც იმაშიც გამოჩნდა, რომ 50-ე კეპის მომხვეჭმა ქერა ხვადაგმა, სხალკ ბერგერმა 32-ე წამზე (!) თითი თვალში ამოუსვა ლუკ ფისჯერალდს და სინბინში წაბრძანდა, 3:0-ზე კი ვიკტორ მეტფილდი და ჟოან სმითი ბრაიან ოდრისქოლს ეჩხუბნენ.

არ აყვნენ

ბერგერი ურჯუკობაში ზელანდიელმა კიდის მსაჯმა, ბრაის ლორენსმა ამხილა და ტრიბუნალი ალბათ მკაცრადაც დასჯის, ფრანგ რეფს, კრისტოფ ბერდოზს კი თამაშის წახდენა რომ არ უნდოდა, ცდომილს წითელი ბარათი მაგიტომ არ უჩვენა. ბრიტები არ აყვნენ მეტოქეს და მალე კოხტა ლელო გაუტანეს - მაიკ ფილიპსმა მოკლე ფრთაზე შეუტია, სთივენ ჯოუნზმა კი შეფარვით დაგეზა რობ ქარნი, ვინც ლელოს სასწაულად მიწვდა.

ბრიტთაგან გამოირჩეოდა 35 წლის მორკინალი საიმონ შოუ, ვისაც "ლომის" პირველი კეპი ახლაღა ეღირსა და როგორც მატჩის გმირი, "კასტელის" ოქროს მონეტითაც დაჯილდოვდა. მტკიცედ იდგა შერკინების პირველი ხაზიც, ვინც თავის ლელოსთან წამოშალა "ბოკეს" მწყობრი და ჯარიმა მიაღებინა, მანამდე კი ფური დიუპრემ დერეფნიდან ისე ჩართო იერიშში გარემარბი ჯეიპი პიტერსენი, რომ მეტოქემ ხელიც ვერ დააკარა.

რუან პინარმა იოლი გარდასახვა ძელს მოარტყა, მერე კი, ვიდრე საათის თავზე შეცვლიდნენ, ორი მოძნელო ჯარიმაც ააცილა. მისივე გადაკიდებისა და პიტერსენის შეცურების შემდეგ ბრიტები ფითსჯერალდმა იხსნა; ამისივე რეიდის მერე, იერიშის მოთავე ოდრისქოლი პიერ სპისმა ბრწყინვალედ შებოჭა, რასაც "ლომებმა" 13 ფაზა მოაყოლეს და ჯოუნზმა არეკნი დაკრა; ხოლო სირენის შემდეგ ფრანსი სტეინმა შუა ხაზიდან გაიტანა ჯარიმა.

შუბლი გადაეხსნა

მესამე მეოთხედში ქულა ვერავინ აიღო, მაგრამ სტუმრებს ერთსა და იმაზე პაუზაში ორივე ბურჯი გამოაკლდათ: ბრაიან ჰაბანასთან შეჯახებით შუბლი გადაეხსნა გეთინ ჯენქინსს, ბაკის ბოთამ კი მკლავი ატკინა ადამ ჯოუნზს. ამეების შემდეგ, წესთა თანახმად, შერკინება ბებრულ-ლიგურს დაეფერა. საათის თავზე ჯონ სმიტი რომ დაჯარიმდა, ჯოუნზმა სხვაობა მეორედ გახადა 11 ქულა, სპისმა კი შერკინებაში აიტაცა ბურთი და ჯადოქარი ჰაბანა გაუსხლტა დაცვას.

ამ ეპიზოდის წინ ბრიტებს გამოაკლდათ "ღმერთკაცი" ოდრისქოლი, ვისაც დანი როსუ დაეჯახა და შემცველად შესული, თავადვე შეიქნა შესაცვლელი. "ბოდმა" ორიოდე წუთი კიდევ გაძლო, მალე კი მის გზას გაუყვა ჯემი რობერთსიც, რის შედეგადაც 10 ნომერზე რონან ოგარა დადგა, შუაში ჯოუნზი და ბოუ მოეწყვნენ, ფრთაზე კი შეინ ვილიამსი შევიდა.

53 მეტრიდან

"ლომები" თავ-შეხვეულმა ოგარამ დაღუპა: ჯერ ჟაკ ფური გაექცა ფრთაზე, ბოლო წუთზე კი, ბურთა აცილებული არეკნის შემდეგ, კიდის ნაცვლად მოედანში დაარტყა და ამხტარი დიუპრე ჩამოაგდო. ფურმა კიდის ხაზთან წაითითლიბაზა და ალამთან ვირტუოზულად გადადო ბურთი. ამას საგულდაგულო ვიდეო-ანალიზი მოყვა, მაგრამ ტელი-რეფმა, ავსტრალიელმა სთუართ დიკინსონმა ეგრეც ვერ დაადგინა, თუ ხაზს ვისი ფეხი შეეხო.

"ბოკეს" გაამარჯვებინა პრეტორიის კერპმა მორნე სტეინმა, ვინც პინარი ბოლო მეოთხედის დადგომისას შეცვალა. "ბულზის" მგეზავმა ფურის ლელო გარდასახა, ბოლოსწინა წუთზე კი, თუმც არეკნი ვერ უწია კარს, ოგარას ლაფსუსის შემდეგ ნაჩვევ გარემოში, გაუხშოებული ჰაერის შეწევნით, 53 მეტრიდან მაინც ჩასვა კარში ბურთი და სტუმრებს გული მოუკლა, ხოლო "ბოკეს" 12 წლის წინ ნაწვნევი, უმწარესი წაგების ჯავრი ამოაყრევინა.

>>>    ბრიტანეთი აფრიკაში

მეცხრე მატჩი, მეორე ტესტი

<<    ბოკე 28:25 ლომები

აფრ: ფ.სტეინი პიტერსენი იაკობსი ჟ.დეფილიერსი (ფური 55) ჰაბანა (10-9) პინარი (მ.სტეინი 61) დიუპრე / მთავარირა ბ.დიუპლესი ჯ.სმიტი კაპ! ბოთა (ბეკერი 59) მეტფილდი; ბერგერი სბ 1, ჟ.სმითი (როსუ 59 * ბრიუსო 62) სპისი; მწ პ.დეფილიერსი - 3ლ: პიტერსენი ჰაბანა ფური; 2გ: მ.სტეინი; 3ჯ: ფ.სტეინი, მ.სტეინი 2

ბრტ: ქარნი ბოუ ოდრისქოლი (შ.ვილიამსი 64) რობერთსი (ოგარა 69) ფითსჯერალდი (10-9) სთ.ჯოუნზი ფილიპსი / ჯენქინსი (შერიდანი 23-30 * 46) რისი ად.ჯოუნზი (ავ.ჯოუნზი 46) შოუ ოქონელი კაპ! კროფთი ვოლესი (მ.ვილიამსი 69) ჰიზლიფი; მწ მაკგიქანი - ლ: ქარნი; გ 5ჯ ა: სთ.ჯოუნზი

რეფ ბერდოზი (სფრ) პრეტორია, ლოფტუსი (52 511)

სბ(1ა) 0:3(3) 0:10(8) 5:10(12) 5:13(15) 5:16(36ა) 8:16(40+) /
8:19(60) 15:19(63) 18:19(68) 18:22(70) 25:22(75) 25:25(77) 28:25(80)

გაქცევა 68-88, გარღვევა 4-3; პასი 91-120, კონტაქტში 3-5; ფეხით 38-44; ბურთი რაქიდან 56-83, აცლა 16-11; ბოჭვა 97-84; დაჯარიმება 11-12; (თავისი^მეტოქის) შერკინება 5^0-6^2; დერეფანი 8^3-12^1

სერია 2-0 (26:21 დურბანი, 28:25 პრეტორია, 4/07 იოჰანესბერგი)

>>>    სამხრეთის ტესტები

მესამე ვიქენდი

ზელანდია 27:6 იტალია
ავსტრალია 22:6 საფრანგეთი

>>>    წყნარი ოკეანის თასი

მეოთხე რაუნდი (ფიჯი)

ტონგა 19:21 იაპონია
ფიჯი 19:14 სამოა

ზელ 14(3, სამ 12(4, ფიჯ 9(3, იაპ 4(3, ტონ 1(3)

ბოლო, მეხუთე რაუნდი

ტონგა 2/07 ზელანდია''
ფიჯი 3/07 იაპონია

<<< >>>