ბითუმად გამოცვალეს

   ოლოლო მგეგმავებს! რაც "ლომთა" აფრიკულ ტურნეზე ზენიტად იყო ჩაფიქრებული, ნადირად იქცა - მსოფლიოს ჩემპიონმა, მასპინძელმა "ბოკემ" პირველ ორ ტესტში დრამატულად რომ ძლია სრულიად ბრიტანეთის ნაკრები, სერიაში გამარჯვება დაიბევა, რის გამოც მესამე რკენა ზრდილობისთვისღა იმართება. ჰოდა, თუმც ორივე მხარე ამ შაბათსაც მოსაგებად ირაგბებს, ბანაკებს რაზმები ისე გადაუხალისებიათ, რომ დუბლის იერი დაჰკრავთ.

მარქაფას რომ თავი დავანებოთ, ბრიტთა 15-ეულში რვა სიახლეა, ხოლო აფრიკისაში ერთბაშად ათი! ბოკემ მეორე, გადამწყვეტი ტესტის დამწყები შვიდი ბეკიდან დაიტოვა მხოლოდ 9 ნომერი ფური დიუპრე, შერკინებაში კი ორი კაცი - ბაკის ბოთა და სხალკ ბერგერი დისკვალიფიკაციის გამო მოისაკლისა. ლომებმა ერთიანად გამოცვალეს უკანა სამეული, ბურჯები და ფლანკერები, რისი ძირითადი მიზეზიც მომრავლებული ტრავმებია.

აფრიკულ რაგბში ოფიციალური რასობრივი კვოტები კარგა ხანია გაუქმდა, მაგრამ ორივე გარემარბი ბოკეს დუბლშიაც ზანგია. მათ შორის სამი სიმპათიური თეთრი იდგება და ეგეც საფიქრებელია, რომ ზე 14-ის ჩემპიონის, ბულზის ჰავბეკი დიუპრე თანა-კლუბელებს, მორნე სტეინსა და ვეინანდ ულიფიეს უკეთ შეეწყობა, ვიდრე შარქსელ რუან პინარსა და სტორმერზელ ჟან დეფილიერსს.

ბალეტი როდიაო

კვაჭად კუპრივით შავი ჯეელი, ჩილიბოი რალეპელი იწყებს; 8 ნომერია ჩაუქი მობურთალი რაიან კანკოვსკი, ხოლო მღლეტელად აღადგინეს ჰაინრიხ ბრიუსო. ამან პირველ ტესტში წარმატებით შეცვალა ვირგლა სხალკ ბერგერი, ვინც მეტოქის თვალის თით-ყოფისთვის რვა კვირითაა დისკვალიფიცირებული და ბოკეს პირველი მოზანგო გურუ, პიტერ დეფილიერსი რომ გაექომაგა, მაგარ შარში გაეხვია.

მოძღვარმა ნამატჩევს თქვა, ვინც ბერგერს ახლოს იცნობს, ვერ დაიჯერებს, რომ მეტოქის თვალს განგებ შეეხო, ისე კი, რაგბი ბალეტი როდია და ვინც ჯახში აჯობებს, მწურთნელიც მას აიყვანს გუნდშიო. პიტერმა ხაზი მაგასაც გაუსვა, ურჯუკობის წაქეზება არც ჩემი და არც სრულიად აფრიკული რაგბის რეპერტუარში არ წერია და ყოველ ბინძურ ილეთს უპირობოდ ვგმობთო, მაგრამ წყვილი წაგებით გამწარებულ ბრიტანულ მედიას ხომ მიეცა საკბილო და არა-თეთრის ნათქვამი ისე წარმოაჩინა, თითქოს მწურთნელი შეგირდს ამართლებდა.

რევანში მედიაში

ბრიტებმა დეფილიერსის ნათქვამს კუდები გამოაბეს, ესაო და მწურთნელს საუბრისას მეტი დაფიქრება მოეთხოვება, რათა სრულიად რაგბს სახელი არ გაუტყდეს; თუ ბერგერის ქმედების გადამკიდე, თამაშში შეიძლება თვალი დაიშავო, აბა რომელი მშობელი შემოიყვანს შვილს ჩვენთანო; ხოლო ტვინ-შერყეულმა და შინ ნაადრევად მიმავალმა ბრაიან ოდრისქოლმა ეგეც ბრძანა, მოძღვრის რეაქცია ძაან არ მეამა და მისი აზრები ჩემთვის მიუღებელიაო.

მოკლედ, აფრიკის რაგბის კავშირსა და მწურთნელსაც ციმციმ მოუხდათ ბოდიშის მოხდა. განცხადებაში წერია, რომ მართალია ირბ, ვინც ურჯუკობის ყველა გამოვლინებას ებრძვის და მას ქურციკეთი ყოველმხრივ უჭერს მხარს. პიტერმაც გაიმეორა, უკაცრავად, თუ სხვა რამ გაფიქრებინეთო, გუნდის გამოცხადების შემდეგ კი მაინც გაკენწლა სტუმრები - ეგრეა, როცა მოედანზე გაჯობებთ, მერე მედიაში იღებთ რევანშს; ისე კი, თუ რაგბულ ადათს იცავთ, აქამდე გამარჯვება რატომ არ მოგვილოცეთო.

ვიქერისა სჯერათ

ბოკეს გადიამ ბითუმი შეცვლები იმით ახსნა, რომ ლომები ქვეყანას 12 წელში ერთხელ ეწვევიან ხოლმე; ამის გამო მათთან გაჯიბრების შანსი აფრიკელ მორაგბეს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა და ამდენად ცოდოა, თუ მწურთნელი შესაძლებლობას წაართმევს. გარდა ამისა, ახლები თან მოიტანენ ჯანისა და ჯიგრის იმ ულაფას, რაიც გუნდის მარაგის შევსებისთვისაა საჭირო.

ლომთაგან ოდრისქოლის გარდა ბრიტანეთის გზას გაუყვა უელსელი ბურჯი ადამ ჯოუნზი, ვისაც რაქში გადაყრაზე მხარი ამოუგდო ბაკის ბოთამ და აპელაციის მიუხედავად, ვერ აიცილა ორ-კვირიანი სასჯელი. მეორე უელსელ ბურჯს, გეთინ ჯენქინსს ყვრიმალი ჩაუტყდა, მაგრამ გუნდთან დარჩა. ტაფიებს შეენაცლებიან ინგლისელები, ენდრიუ შერიდანი და ბებერი ფილ ვიქერი, ვინც პირველ ტესტში დაჯაბნა ზიმბაბველმა თენდაი "ბისთ" (ნადირი) მთავარირამ.

სერია-წაგებულმა ლომებმა სამი დღე დაისვენეს და "საფარი" (ბუნებაში ნავარდი) მოიწყვეს. ქორნვოლელი ვიქერის უტეხობას აღნიშნავს ლომთა შერკინების ოსტატი გრემ რაუნთრი და სჯერა, რომ ვეტერანი მეტოქეს აღარაფერს დაუთმობს. მისივე აზრით, გუნდმა იმდენად კარგად განვლო ტურნე, რომ სერიის მშრალად (0-3) წაგებას არანაირად არ იმსახურებს. ჰოდა, ფრთაზე უელსელი ჯადოქარი, შეინ ვილიამსი რომ უყენიათ, ლომები ეგებ მესამედ აღარ დამარცხდნენ და ოდნავ შელახული პრესტიჟიც აღიდგინონ.

>>>    ბრიტანეთი აფრიკაში

ბოლო, მეათე მატჩი; მესამე ტესტი

წინას შემდეგ
* დაემატა რაზმს, ^ მარქაფიდან დააწინაურეს,
# მარქაფაში ჩამოსვეს, $ დაძრეს)

<<    ბოკე - ლომები

აფრიკა

ბეკ) 15 ზენ კირხნერი* (ბულ, 14 ოდვა ნდუნხანე* (შრქ, 13 ჟაკ ფური^ (ლნზ, 12 ვეინანდ ულიფიე* (ბულ, 11 იონხი ნოკვე* (ჩტზ; 10 მორნე სტეინი^ (ბულ, 9 ფური დიუპრე (ბულ /

ფორ) 1 ბისთ მთავარირა (შრქ, 2 ჩილიბოი რალეპელი^ (ბულ, 3 ჯონ სმიტი კაპ (შრქ; 4 იოჰან მულერი* (შრქ, 5 ვიქტორ მეტფილდი (ბულ; 6 ჰაინრიხ ბრიუსო^ (ჩტზ, 7 ჟოან სმითი (ჩტზ, 8 რაიან კანკოვსკი* (შრქ)

მრქ) 22 ფრანსი სტეინი# (შრქ, 21 რუან პინარი# (შრქ / 16 ბისმარკ დიუპლესი# (შრქ, 17 ხიურთრო სტენკამპი* (ბულ, 18 დიონ კარსტენსი (შრქ; 19 სთივენ საიკსი* (შრქ, 20 პიერ სპისი# (ბულ)

ბრიტანეთი

ბეკ) 15 რობ ქარნი (ირლ, 14 უგო მონიე* (ინგ, 13 თომი ბოუ$ (ირლ, 12 რიკი ფლუთი* (ინგ, 11 შეინ ვილიამსი^ (უელ; 10 სთივენ ჯოუნზი (უელ, 9 მაიკ ფილიპსი (უელ /

ფორ) 1 ენდრიუ შერიდანი^ (ინგ, 2 მეთიუ რისი (უელ, 3 ფილ ვიქერი* (ინგ; 4 საიმონ შოუ (ინგ, 5 პოლ ოქონელი კაპ (ირლ; 6 ჯო ვორსლი* (ინგ, 7 მარტინ ვილიამსი^ (უელ, 8 ჯემი ჰიზლიფი (ირლ)

მრქ) 22 ჯეიმზ ჰუქი* (უელ, 21 ჰარი ელისი (ინგ / 16 როს ფორდი (შტლ, 17 ჯონ ჰეისი* (ირლ; 18 ალუნ-ვინ ჯოუნზი (უელ, 19 დევიდ ვოლესი# (ირლ, 20 თომ კროფთი# (ინგ

შაბ 4/07    იოჰანესბერგი 17.00    გლობალზე ცოცხლად!
გამეორებით: შაბ 22.00, კვი 13.00 20.00, ორ 02.00 11.00 21.00
სერია 2-0 (26:21 დურბანი, 28:25 პრეტორია)

<<< >>>