ქარში უბადლონი!

   სამხრეთული "სამი ერის" პირველ შაბათს, ბოლო ოთხი წლის უცვლელმა ჩემპიონმა ზელანდიამ შინ, შესვენების შემდეგ უკეთ გამოიყენა ზურგქარი და ორი ჯარიმით ძლია ავსტრალია, ვინც 23-წლიანი ოკლენდური ნავსის გატეხვის შანსი ხელიდან გაუშვა.

რაგბი ხანდახან აფროსნობასავითაა: იმარჯვებს ის, ვინც ქარს აღლოს უკეთ აუღებს. კივები იალქნის სწორად გამართვაში დიდოსტატები არიან და ქარიან რაგბობაშიც ბადალი არა ჰყავთ: შესვენებამდე, პირქარში, ორიდან ერთი სალელოე შესაძლებლობა გამოიყენეს და სულ რაღაც სამი ქულით ჩამორჩნენ ოზებს, რომლებმაც ორი ნაღდი ლელო ვერ დადეს და წახდნენ.

ზელანდიას ივნისის ტესტებში ავსტრალიაზე ცუდად ეთამაშა. ოზებმა სამეზობლო რკენის პირველ მეოთხედშიც აჯობეს კივებს. ვოლაბები ბრეიქდაუნზე მცირე ძალებით იბრძოდნენ და გემოზე ბურთაობდნენ. მასპინძლებს ბოჭვები უცუდდებოდათ და ოთხჯერ საკუთარი დერეფანიც წააგეს, მაგრამ რეფი კრეგ იუბერი ოზთა 3 ნომერს, ელ ბაქსთერს რომ მიაცივდა, ავსტრალიამ საკუთარი შერკინებიდან ერთხელაც ვერ მიიღო საიერიშო პლაცდარმი.

აფრიკელი მსაჯი ერთობ ნერვიულობდა, ჯარიმას ბლომად ნიშნავდა და სერიოზული დარღვევებიც ეპარებოდა. 35-ე წუთზე, როცა ავსტრალია სამითღა იყო წინ, ხუთ-კაციანი (!) ჩარბენის შემდეგ მეტ გიტომ სთერლინგ მორთლოქი წინ პასით გააჭენა, ოთხი გამწელი ფაზის შემდეგ კი სტუმრებმა მარცხნივ მეტობა გაფლანგეს და რიჩარდ ბრაუნს წითელ ზოლში შეემთხვა თერნოვერი.

ბურთს ვერ შეელია

უფრო ადრე, მე-18 წუთზე, მატჩის ბედი კინაღამ გადაწყდა: სტუმრებმა სთივენ დონალდს ფრიად საჭოჭმანოდ, ოფსაიდიდან დაუფარეს. გიტომ მიწიდან აიტაცა ოვალი და წონასწორობა დაკარგულმა ოფლოუდიც მოახერხა, მაგრამ ბერიქ ბარნსი ბურთს ვერ შეელია, სამ-კაცა მეტობა გაანიავა და მალილი მულიაინა რომ დაეჯახა, უზუსტოდ მერეღა გადაუგდო ჯორჯ სმითს, ვინც 100-კეპოსანი ოდენ მეათე მორაგბეა და მეოთხე ავსტრალიელი.

ადამ ეშლი-კუპერმა გადაკიდებული რომ გამოაქცუნა, ბარნსმა თამაშის დასაწყისშივე გააბითურა სამი მბოჭავი. გიტომ ჯარიმა 45 მეტრიდან შეაგდო, სამ წუთში კი დონალდმა 27 მეტრიდან დაახაია. ანგარიში 17:3 ვერ გახდა, მაგრამ მწყობრში დაბრუნებული რიჩი მაკქოუ ზედახორაში რომ დაჯარიმდა, გიტომ 40 მეტრიდან დაკრა, ბურთი ძელიდან ასხლტა და "ოლ ბლექსი" 3:13 ჩამორჩა.

ზელანდია მეორე მეოთხედში გამწარდა. სიტივენი სივივატუს თამამ ოფლოუდს ჯიმი ქოუანის ბოქს-ქიქი მოყვა და მდევრებმა ლოქი თერნერი კიდეზე გადადენეს. დერეფნიდან კივებმა ჯგუფად, მაგრამ უმოლოდ უტიეს. ამას კარისკენ გაბურთავება მოყვა. მწვავედ ითამაშეს მაკქოუმ, სივივატუმ, მა ნონუმ; გაძვრა დონალდი, ხეირზე შეტევისას კი კონრად სმითმა შიგნიც შეუშვა გაქანებული მაკქოუ, ვინც ორ-მეტრა ნეითან შარფმა ვეღარ გააჩერა.

ჯაგა-ჯუგში, ჯიგრით

შესვენების მაუწყებელი სირენის შემდეგ დონალდი მეორედაც გაუსხლტა ოზებს, მაგრამ დრუ მიჩელმა პასზე ხელი უკან მიურტყა. მასვე მეორე ტაიმის დასაწყისში, პირქარში მოეჭრა მოგერიება და ზელანდიის კიკერმა რაქში რგებული ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა, სამ წუთში კი, სთივენ მურის ბლოკის გამო, 47 მეტრიდანაც უპრობლემოდ უწია მიზანს და "ოლ ბლექსი" წინ გაიჭრა 16:13

გიტომ იქვე, იოლი ჯარიმიდან გაათანაბრა ანგარიში, მატჩის დასკნით ნახევარ საათში კი ბურთაობაზე მეტად იყო ჯაგა-ჯუგი, რაშიც ჯიგრიანმა ზელანდიამ აჯობა აზიზ ავსტრალიას. დონალდს თამაშის სწორად წარმართვაში და ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანაში ძაან შეეშველა ჰავბეკად შესული პირი ვიპუ, ვოლაბთა ღერძი კი საათის თავზე უეცრად დადედლდა: ლუკ ბერჯესმა რაქიდან უხეიროდ გამოუტანა ბურთი გიტოს და ამას ჯერომ კაინომ დაუფარა.

კაინო ოვალს თავადვე დაახტა და ამოაგდო. უსწოროდ ითამაშა კონრად სმითმა, ხოლო ვიპუ ბერჯესმა გააჩერა, მაგრამ კივებმა კარის წინ ჯარიმა მაინც გამოიმუშავეს და წინ გავიდნენ. გიტოს სამ წუთში მიეცა ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ უკვე ნირ-წამხდარმა, 30 მეტრიდან საზარლად ააცილა. მერე, ერთ წუთში, დონალდსაც ორჯერ მოეჭრა აბრაგანი, პინგ-პონგის შემდეგ კი ქიარან რიდს რომ გაუვარდა ბურთი, სამით ჩამორჩენილ ოზებს 22-ში შერკინება ერგოთ.

აფრიკაში "ბოკე" ელით

მაგ დროისთვის ბარნსი უკვე შეეცვალა ოკლენდში დაბადებულ თინეიჯერს, ჯეიმზ ოქონორს და ნერვიულობისგან მაგრად ურევდა. ვოლაბებმა შეტევის მეორე ფაზაშივე დაკარგეს ბურთი, კივებმა კი მორკინალებით, თითო-თითოდ მანამ უტიეს, სანამ ჯარიმა არ დაიმსახურეს. ჩამორჩენამ ექვს ქულას რომ უწია, ვაიკლიფ პალუმ თავისუფალის შესრულებისას ოვალს ფეხი არ მიარტყა, ბოლო ორ წუთში კი სასოწარკვეთილმა სტუმრებმა გაშლილად სცადეს ბურთაობა, მაგრამ მეტოქის 22-ის მისადგომებთან ალყაში მოექცა მიჩელი.

ზელანდიამ "იდენ პარკზე" ზედიზედ მეოცე ტესტი მოიგო. გურუ გრემ ჰენრის თანახმად, მისმა შეგირდებმა ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინეს, ეს კი თურმე იმის საწინდარია, რომ გუნდი კიდევ მოუმატებს, რაც ესოდენ საჭიროა აფრიკაში, სადაც "ოლ ბლექსს" ზედიზედ ორჯერ უმასპინძლებს ბრიტანეთის "ლომების" მომთვინიერებელი "ბოკე".

ავსტრალიის ბანაკმა იხტიბარი მაინც არ გაიტეხა. ვოლაბთა ზელანდიელმა გურუმ, რობი დინსმა შენიშნა, რომ გუნდი კიდევ უნდა იზარდოს, და რომ ზელანდიამ იმითღა გაიმარჯვა, რომ პირქარშიც შეიტანა ლელო. მასპინძელთა მოგების დამსახურებულობა აღიარა კაპიტანმა მორთლოქმაც, მაგრამ ქომაგებს კი შეპირდა, რომ ბიჭები ჭკუას ისწავლიან და გამოიყენებენ სალელოე შანსებს, რომლებსაც ბოლო ხანს ბლომად ქმნიან.

პირველი შაბათი

>>>     ზელანდია 22:16 ავსტრალია

ზელ: მულიაინა ჯეინი კ.სმითი ნონუ სივივატუ <10-9> დონალდი ქოუანი (ვიპუ 53) / ვუდქოქი ჰორი (მეალამუ 46) ტიალატა (ფრენკსი 46) ბ.სორნი როსი (ითონი 72) კაინო მაკქოუ კაპ^ სოიალო (რიდი 62) - ლ: მაკქოუ; გ 5ჯ: დონალდი

ავს: ეშლი-კუპერი თერნერი მორთლოქი კაპ^ ბარნსი (ოქონორი 62) მიჩელი <10-9> გიტო ბერჯესი (გენია 75) / რობინსონი მური ბაქსთერი (ელიგზანდერი 72) ჰორვილი (მამი 40-45 64-70) შარფი ბრაუნი (ფოქოქი 51) ჯ.სმითი პალუ - ლ: ბარნსი; გ 3ჯ: გიტო

რეფ იუბერი (აფრ) ოკლენდი, იდენ პარკი

0:7(5) 0:10(10) 3:10(15) 3:13(22) 10:13(27) /
13:13(42) 16:13(45) 16:16(47) 19:16(61) 22:16(74)

გამეორებით გლობალზე: ორ 23.00 - სამ 05.30 12.00 20.00 - ოთხ 13.00 - ხუთ 13.30 - პარ 01.00 19.30 - შაბ 25/07) 10.30

<<    სქრამ.კომ-ის სტატისტიკა

გაქცევა 74-70, გარღვევა 1-3; პასი 69-103, კონტაქტში 3-4; ფეხით 38-27; ბურთი რაქიდან 75-52, აცლა 16-17; ბოჭვა 75-95, გატარება 15-7; დაჯარიმება 16-10; თავისი^მეტოქის შერკინება 9^2-4^0; დერეფანი 11^1-7^4

ბოჭვა: 16 ჯ.სმითი; 11 მაკქოუ რობინსონი; 10 კაინო; 8 ბერჯესი; 7 კ.სმითი ნონუ ბარნსი შარფი პალუ; 6 ბაქსთერი ჰორვილი; 5 ქოუანი

დაჯარიმება: 3 კ.სმითი მური ბაქსთერი ჯ.სმითი; 2 მაკქოუ ეშლი-კუპერი ბრაუნი

ნავარდი (მეტრი: 56 ბარნსი; 53 ეშლი კუპერი; 40 მიჩელი; 35 სივივატუ; 32 პალუ; 31 დონალდი

ღერძი (ფეხი/პასი/შეუტია: დონალდი 8/8/4, ქოუანი 11/27/1, ვიპუ 8/8/3 - გიტო 7/21/3, ბერჯესი 5/30/5

ხაზი (პ/შ: ნონუ 0/9, სივივატუ 4/9 - ეშლი კუპერი 2/8, თერნერი 4/5, ბარნსი 7/4, მიჩელი 5/8

მარბიელები (პ/შ: როსი 0/7, კაინო 0/6, მაკქოუ 4/4, სოიალო 5/4 - ჯ.სმითი 4/7, პალუ 4/7

<<    100 კეპის მქონენი

139 ჯორჯ გრეგანი (ავს; 119 ჯეისონ ლენარდი (ინგ^ლომ; 118 ფაბიან პელუ (სფრ; 111 ფილიპ სელა (სფრ; 103 გარეს თომასი (უელ^ლომ; 102 სთივენ ლარქემი (ავს, პერსი მონთგომერი (აფრ; 101 დევიდ ქემფიზი (ავს, ალესანდრო ტრონკონი (იტა; 100 ჯორჯ სმითი (ავს)

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია

ოკლენდი

22:16

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

ზელანდია

4 +6 22:16 1-0 0-0 1/1 0

ავსტრალია

1 -6 16:22 0-0 0-1 1/1 1

აფრიკა

0 =0 0:0 0-0 0-0 0/0 0

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

17.00

3   1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 17.00
4   8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 17.00

5

22/08

ავსტრალია - ზელანდია

სიდნეი

14.05

6 29/08 ავსტრალია - აფრიკა პერთი 14.05
7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 14.05
8 12/09 ზელანდია - აფრიკა ჰემილტონი 11.35
9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგტონი 11.35

<<< >>>