გამონაკლისი ვილკინსონისთვის

   ჯონი ვილკინსონი ნიუკასლიდან თუმც ტულონში გადავიდა, მარტინ ჯონსონმა მაინც ჩარიცხა ინგლისის 32-კაცა ზეპურ რაზმში; აფრიკის "შარქსს" ცოტა აკლია და "სტად ფრანსეზიდან" გადაიბირებს არგენტინელ ხუან-მარტინ ერნანდესს; ჯონა ლომუ მარსელში აპირებს ჭიის გახარებას; პარიზის მეორე გუნდმა, "მეტრო რასინგმა" მიიღო სებასტიან შაბალი და ფრანსი სტეინი; იტალიამ "მაგნერზის ლიგაში" ჩასაბმელი ორ ფრანჩაიზი შეარჩია, ინგლისში კი ყალთაბანდობისა და კოკაინით თრობისთვის მკაცრად დაისაჯა თითო მორაგბე.

2003 წლის მსოფლიო თასის გმირი "ვილკო" 30 წლისაა. ტრავმებით გაწამებულ მგეზავსა და დამრტყმელს ათი თვეა, მენისკის გამო აღარ უთამაშია, მაგრამ მოკეთდა, გარემოც გამოიცვალა და ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებს.

რაც საფრანგეთის ტოპ 14-მა "სელერი კეპის" მქონე "გინესის პირველობას" ყვლეფა დაუწყო, ინგლისელები ნაკრებში აღარ უხმობენ ლეგიონერებს, მაგრამ ვილკინსონისა და ძირით მაორი ბეკის, რიკი ფლუთისთვის მაინც დაუშვეს გამონაკლისი.

ფლუთი "ბრივში" ჩაირიცხა, ახლახანს კი თავი ისახელა ბრიტანეთის "ლომების" აფრიკულ ტურნეზე. მისივე გუნდელია ინგლისის 10 ნომერი ენდი გუდი, მაგრამ გურუ ჯონსონმა მასზე ხელი აიღო, ხოლო კოხტა-პრუწა ჯეელი, დენი სიპრიანი ისევ მეორე ნაკრებში, "საქსონებში" გაამწესა.

"ჯონომ" ვილკოზე თქვა, როცაკი ფორმაშია, მსოფლიო დონის მოთამაშეა და მისი დაწუნება არ ეგებისო. სხვა ფრანგულთა დარად, ტულონიც თავნება კლუბია, მაგრამ მისი არაბი პატრონი, კომიქსების გამომცემელი მურად ბუჯელალი ისე პატივით ეპყრობა ინგლისელ გრანდს, რომ იქადნება, ნაკრებში სავარჯიშოდაც რომ იხმონ, მაინც ულაპარაკოდ გავუშვებო!

შაბალი პარიზის მეტროში

საფეხბურთო ანალოგის, ინგლისის "პრემიერ ლიგისა" არ იყოს, ტოპ 14-იც სულ მალე, 15 აგვისტოს იწყება. ჩემპიონი "პერპინიანი" იღებს "ბეიონს", "ალბი" კი თავისსავით ახალბედას, "მეტროს" მასპინძლობს. ამ კლუბის მფლობელია უძრავი ქონების დიდ-ოღრაში ჟაკი ლორენზეტი და ინგლისის "სეილიდან" რომ უყიდია 31 წლის დალალა შაბალი, მისი პოსტერებით მოურთავს პარიზის მეტრო.

"გამოქვაბულის კაცის" შეძენა კლუბს 1.2 მილიონი ევრო დაუჯდა. "რასინგმა", ვინც სამოყვარულო ხანაში ვარდისფერი ბაფთების ტარებითა და შამპანურის ყლურწვით იწონებდა თავს, "კასტრიდან" იყიდა "ლე ბლეს" კაპიტანი ლიონელ ნალე, "ბოკეს" ვუნდერკინდ ბეკს, შარქსელ ფრანსი სტეინს კი "დავესკად" ევროპაში ადრევე წასული ბულზელი, ჟაკ კრონიე დაურთო.

"რასინგ მეტროს" მწურთნელია თვით გამოჩენილი 9 ნომერი, 51 წლის პიერ ბერბიზიე. მან პრო დ2-ის მომგები რაზმის 70 პროცენტი შეინარჩუნა. ასე რომ, შეფს სადარდებელი ასპარეზიღა რჩება, რაღაი ჯერ კიდევ 1924 წლის ოლიმპიადაზე გამოყენებული "კოლონის" სტადიონი მოძველდა და მთავარი ტრიბუნა ოდენ 7-ათასიანი აქვს.

უმრწემესი ოლ ბლექი

ტულონელი მურადი "ბოკესა" და "ბულზის" მელელოვეს, ბრაიან ჰაბანასაც წაეტანა, მაგრამ აღიარა, ბიჭი ძაან ძვირია, მე კი ფულს უძირო ჭიდან როდი ვხაპავო. აფრიკელებს მაინც აქვთ დანაკარგი: ნაკრების 28 წლის შუამარბი, ჟან დეფილიერსი "სამი ერის" შემდეგ კეიპტაუნიდან მანსთერში (ირლანდია) გადადის, კონცხისვე კაპიტანი ლუკ ვოთსონი კი ინგლისის "ბასში".

რადიო-მაგნატ მაგზ გაზინის "სტად ფრანსეზმა" ინგლისის "ლესთერიდან" მიიღო ფრანგივე 9 ნომერი ჟიულიან დიუპიუი, მაგრამ საქმეს ეგეთი პირი უჩანს, რომ მოუწევს ერნანდესის გაშვება. "ელ მაგოს" დურბანის "შარქსი" ჯერაც ვერ მოურიგდა - არადა, ძაან ჭირდება, რადგან ბოკეებს, სტეინსა და რუან პინარს "ქარრის თასისთვის" არა ცხელათ - თავად ხუანს კი სამხრეთ ნახევარსფეროში გადასვლა იმად აწყობს, რომ არდადეგებზე, ნაკრებში თამაშის ნაცვლად, შინ დაისვენებს.

მრავალი წაწლისა და ცოლის გამშვები ლომუ 34 წლისა მოყრილა. მთაკაცს ძმაკაცმა დიჯეიმ ხუთი წლის წინ გადაუნერგა ცალი თირკმელი და ჯონას მას აქეთ სერიოზულად აღარც უთამაშია, მაგრამ ახლა რაგბობის იშტაზე მოსულა და დღე-დღეზე ორი წლით შეეკვრება კლოდ აჩერს, ვინც "ფედერალ 1"-ის "მარსელის" პატრონია.

ლომუ ბოლომდე არც მშობლიურ კავშირს დავიწყნია. აკი "სამ ერზე" ავსტრალიასთან შებმის წინ, კეპითაც დააფასა, როგორც "უმრწემესი ოლ ბლექი" - ჯონა 15 წლის წინ, ნაკრებში დებიუტის დღეს, სულ რაღაც 19 წლისა და 45 დღის იყო!

ტრევიზოს მეზობლებმა უგანეს

რაც იტალია "ექვს ერში" მიიღეს, 50 მატჩი გამართა, მხოლოდ ექვსი მოიგო და ათ სეზონში ოთხჯერ იწვნია "ვაით ვოში" - შეჯიბრი ნული ქულით დაასრულა. მსგავსი შედეგი აქვთ ევროპულ თასებზე მოასპარეზე აპენინურ კლუბებსაც, რამაც ნაკრების აფრიკელი გურუს, ნიკ მალითის წაქეზებით, მაგ დასკვნამდე მიიყვანა მახვშები, დროა კელტური მოდელი გადმოვიღოთ - შევქმნათ რამდენიმე სუპერ-გუნდი და სისხლ-სავსე კელტურსავე, "მაგნერზის ლიგაში" ჩავაბათო.

გამოცხადდა ტენდერი. შეიქმნა ოთხი ალიანსი. ფედერაციამ აირჩია ორი უკეთესი. გადაწყდა, რომ შემდეგი, 2010 წლის შემოდგომიდან, მაგნერზზე იასპარეზებენ რომის "პრეტორიელები" და ვიადანას "გმირები" (აირონი; პირველი ნაკრების სტადიონზე, "ფლამინიოზე" ითამაშებს; მეორე მატჩების ნაწილს მეზობლადაც გამართავს; ფედერაცია კი ორივე ფრანჩაიზს გვარიანად შეეწევა ფულით, რათა ამათ ნაკრების უცხოეთში მოღვაწე ბირთვი მიიზიდონ.

პრეტორიელთა წილში დედაქალაქის სამი გუნდი ჩადგა, ვიცე-ჩემპიონ ვიადანას კი შეეკრა პარმის ორივე კლუბი - გრანი და ოვერმაკი. ტენდერში სასტიკი მარცხი იწვნია ჩემპიონმა - ტრევიზოს "ბენეტონმა", რადგან უგანეს ვენეტოელმა მეზობლებმა, პადოვამ და როვიგომ, ჩრდილო დასავლეთის "დუკები" კი, რომლის ბაზაც მილანის შემოგარენში მდებარე დაბა, კალვიზანო უნდა ყოფილიყო, გაკოტრდა!

სისხლი ძალად დაიდინა

მედალს ორი მხარე აქვსო და პროფესიონალიზმი, ანუ რაგბზე გადაკვდომა, რომ არ ვარგა, წინა კვირაში გახმაურებული სამი ამბითაც გამოჩნდა.

ჯერ იყო და "ლომებისა" და უელსის 26 წლის ჰავბეკმა, მაიკ ფილიპსმა გალახა ტაქსისტი, ზედმეტსა მთხოვო; მერე ავსტრალიის ყოფილი მეორე ხაზელი, 35 წლის ჯასთინ ჰარისონი რაგბიდან რვა თვით განიკვეთა, რადგან გამოთვრა და ნორჩებს საჯაროდ დაუძახა, ცოტა ნარკოტიკი მარგებელიაო; ბოლოს კი სასჯელად 12 თვე შეეფარდა ლონდონის "ჰარლიქვინზის" ბეკ თომ ვილიამსს, ვინც  "ჰაინეკენის თასზე"  სისხლი ძალად დაიდინა, რათა გამოცვლილ კიკერს თამაშის ბოლოს პირუკუ შეეცვალა.

"ბასში" მოთამაშე ჰარისონმა სეზონის დამაგვირგვინებელ წვეულებაზე აიშვა, რის გამოც იქვე მწარედ იცემა, მერე კი ტუალეტში კოკაინიც მიირთვა. ცდომილს სასჯელად 18 თვე ერგებოდა, მაგრამ გულ-წრფელად მოინანია დანაშაული და ათი თვე ეპატია. ვილიამსს ყალთაბანდობა მეოთხედფინალში, ირლანდიის "ლენსთერთან" დაჭირდა. მსაჯი მოტყუვდა, ზელანდიელი ნიკ ევანსი მოედანზე დააბრუნა და ამან არეკნი ააცილა, მაგრამ რაგბს რომ შეელახა კეთილშობილი იმიჯი, კლუბიც დაჯარიმდა 215 ათასი გირვანქით.

<<< >>>