ვინ მოიგებს, ვის დაეკისრება?

   სამშაბათს ქართული რაგბის თემს ორი რამ დააინტერესებს: ვინ მოიგებს შარშანდელი ეროვნული პირველობის ფინალის რე-მატჩს და ვის დაეკისრება შემდეგი ორი მსოფლიო თასის მასპინძლობა.

"ლელო" და "ლოკომოტივი" ნოემბრის აქეთ ჩემპიონატში ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. ბოლოჯერ "რკინიგზამ" 19:9 გაიმარჯვა, წინა წელს დაკარგული ჩემპიონობა დაიბრუნა და XXI საუკუნეში მეცხრედ გათამაშებულ "ბზის თასს" მეექვსედ დაეუფლა, მაგრამ მერე "ქალაქმა" თასიდან ორი მატჩის ჯამში (16:19 26:14) გააგდო კონკურენტი და "აკადემიის" 28:9 ჯობნით ჯილდო მეოთხე ცდით პირველად შემართა.

წლეულს იმდენად ცხოველი საერთაშორისო პროგრამა ჰქონდათ ჩვენს ნაკრებებს, რომ მოწინავე კლუბებს სისტემატურად აკლდნენ ლიდერები, რის გამოც მთავარ თამაშთა გამართვა ივლისშიღა მოხერხდა. ზაფხულის არდადეგებამდე "ლელომ" 100-პროცენტიანი შედეგით მოაღწია, "ლოკომოტივმა" კი ორი მარცხი იგემა, მაგრამ ეგეც ცხადია, რომ ორივე გუნდი გავა ავსტრალიურ პლეი-ოფში, რომლითაც ვლინდება სეზონის ფინიშზე ქვეყნის ჩემპიონი.

>>>    საქართველოს პირველობა

23/07 გამოტოვებული

ვისოლი ყოჩები 6:10 ლოკომოტივი

სამ 28/07 გამოტოვებული 18.30

ლოკომოტივი (სინათლე) ლელო
აია (ვანი) ვისოლი ყოჩები

უმაღლესი

მ-წ*

გატ:გაშ

ლელო 18 9-0 294:142
ლოკომოტივი 14 7-2 145:110
აკადემია 12 6-4 165:151
ვისოლი ყოჩები 10 5-4 142:125

ელიტი (ბთმ)

9

4-5*1

169:202

ხარები (რსთ) 5 2-7*1   93:161
აია (ქუთაისი) 4 2-7 113:122
უნივერსიტეტი 4 2-8 114:222

ფინანსური მოტივები

სრულდება 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასთა მასპინძლობაზე გამოცხადებული ორმაგი ტენდერი. შპს "რაგბი ველდ ქაფმა" შეისწავლა რა ინგლისის, სამხრეთი აფრიკის, იაპონიისა და იტალიის განაცხადები, რეკომენდაცია მისცა ირბ-ის აღმასკომს, რომ აქედან ექვსი წლის თავზე ტურნირს ინგლისმა უმასპინძლოს, ათი წლის შემდეგ კი იაპონიამ.

ირბ ვალდებული არაა, შპს-ს დაუჯეროს. სწორედ ამის იმედადაა აფრიკა და ცდაც არ დააკლო, რათა 28 მახვშიდან ბარემ თხუთმეტის მხარდაჭერა რომ მოეპოვებინა, მაგრამ გულ-ხელ-დაკრეფილები არც ფავორიტები მსხდარან. მერე კიდევ, ახლანდელი ირბ ის აღარაა, ოთხი წლის წინ, ბებერი სიდ მილარის ხანაში რომ იყო და ფინანსურ მოტივებზე მაღლა ძმა-ბიჭობას აყენებდა, რის გამოც 2011 წლის გათამაშება მომცრო და შორეულ ზელანდიაში იმართება.

ამის გადამკიდე ტურნირი ზარალიანია, თამაშის სამშობლო, ინგლისი კი პირდება ირბ-ს, რომ მსოფლიოში რაგბის გასავრცელებლად 300 მილიონ გირვანქას მიუთვლის. მერე, ლოგიკით, უნდა დადგეს ახალი ბაზრის - იაპონიის ჯერიც, მით უფრო, თუ ეკონომიკური კრიზისი ნაკლებად შეეხო აზიას და ათ წელში რეგიონი კიდევ უფრო დაწინაურდება. ჰოდა, რამდენიც უნდა იჩალიჩოს აფრიკამ, ძნელად რომ აღმასკომს გადაათქმევინოს შპს-ის არჩევანი.

>>>    მსოფლიო თასის მასპინძლები

I 1987 ზელანდია ავსტრალია
II 1991 ხუთი ერი (ინგლისი)
III 1995 აფრიკა
IV 1999 ხუთი ერი (უელსი)
V 2003 ავსტრალია
VI 2007 საფრანგეთი
VII 2011 ზელანდია
VIII 2015 ? ინგლისი
IX 2019 ? იაპონია

ჯამში 188:19

უახლესი, 2011 წლის მსოფლიო თასზე ექვსი საგზურიღაა გასათამაშებელი. შუა ივლისში ფინალში პირველი გავიდა კანადა, სამოამ კი ფორმალურად ერთი კვირის შემდეგღა გაიმარჯვა ზღვისრეთში.

"მანუს" შინ 108 ქულით ეძლია პაპუასეთი, ვინც რაგბი-ლიგაში (13-კაცა) რეალურად მსოფლიოს მეოთხე (!) გუნდია, მაგრამ სულ ხუთი ათასი მორაგბე რომ ჰყავს, შინაც მოისრა. სამოამ ჯამში 188:19 აჯობა "პუკპუკებს", შემდეგი, აფრიკელი რჩეული კი ნოემბერში, ნამიბია - ტუნისის ორ-მატჩა რკენაში გამოვლინდება.

>>>    2011 წლის მსოფლიო თასი

პულები

    ახ.ზელანდია საფრანგეთი ტონგა კანადა აზია$1
    არგენტინა ინგლისი შოტლანდია
ევროპა$1 რეპეშაჟი$1
    ავსტრალია ირლანდია იტალია
ევროპა$2 ამერიკა$2
    სმხ.აფრიკა უელსი ფიჯი სამოა აფრიკა$1

ზღვისრეთი

11/07 სამოა 115:7 პაპუასეთი
18/07 პაპუასეთი   12:73 სამოა

4 ქალაქი, 7 სპორტი

სრულიად რაგბეთი მალე საარსებო ახალ ამბავს შეიტყობს. აგვისტოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სკ) შეფებმა შვიდი სპორტიდან უნდა შეარჩიონ ის ორი, რომელსაც ოქტომბერში ყრილობას წარუდგენენ 2016 წლის თამაშებში შესატანად. ამ ღონისძიების გამართვა სურთ ჩიკაგოს, რიოს, მადრიდსა და ტოკიოს, რაგბს კი ოლიმპიადაში ჩართვას ეცილებიან გოლფი, კარატე, სქვოში, გორგორაჭ-ციგურაობა, ბეისბოლი და სოფთბოლი.

ირბ-ს საოლიმპიადოდ გადაუდია ჩქარი და მარტივი რაგბი - შვიდკაცა, რომელშიც მედლის მოგების შანსი ბევრსა და მომცრო ქვეყნებსაც აქვთ. პრომო-კამპანიაში ჩაბმული არიან ლომუ, დალალიო, სერევი და პიჩოტი. დუბლინის კანტორა ყაბულსაა, რომ ოლიმპიადაში შეტანის შემთხვევაში შვიდკაცის მსოფლიო თასი გააუქმოს, ახლახან ტაივანში გამართულ "მსოფლიო თამაშებში" კი ფიჯმა დაიცვა ოთხი წლის წინ მოგებული ტიტული, ხოლო მეორე ადგილზე პორტუგალია გავიდა.

>>>    შვიდკაცა მსოფლიო თამაშებზე

`` პული. 1#აფრიკა - პორ 7:5, ტვნ 29:0, აშშ 26:7; 2#პორტუგალია - აშშ 22:7; 3#ტაივანი - 4#შტატები 22:17

`` პული. 1#არგენტინა - ფიჯ 17:7, იაპ 15:5, ჰნკ 31:0; 2#ფიჯი - იაპ 19:10, ჰნკ 26:10; 3#იაპონია - 4#ჰონკონგი 20:5

მეოთხედფინალი. აფრიკა 39:0 ჰონკონგი, ფიჯი 28:5 ტაივანი, პორტუგალია 17:0 იაპონია, არგენტინა 19:12 შტატები

ნახევარფინალი. ტაივანი 17:12 ჰონკონგი, შტატები 29:24 იაპონია / ფიჯი 21:7 აფრიკა, პორტუგალია 19:12 არგენტინა

ფინალი. 7#იაპონია 19:5 8#ჰონკონგი, 5#შტატები 21:19 6#ტაივანი, 3#აფრიკა 17:0 4#არგენტინა, 1#ფიჯი 43:10 2#პორტუგალია

<<< >>>