გარანტია და გლობალიზაცია!

   ერთბაშად დადგინდა ორი მსოფლიო თასის მასპინძელი: 2015 წლის ტურნირს გამართავს ინგლისი და ამით ირბ რაგბის გასავრცელებლად 300 მილიონ გირვანქას იშოვის, 2019 წლის გათამაშება კი მოეწყობა იაპონიაში, რათა ოვალურ ბურთა თამაშმა ახალ, ეკონომიკურად ყველაზე მზარდ რეგიონში მოიკიდოს ფეხი.

მასპინძელთა შერჩევის პროცესმა ლამის ერთ წელს გასტანა. ბოლომდე მიატანა ოთხმა განაცხადმა. ივნისის ბოლოს შპს "მსოფლიო თასმა" სამი საექსპერტო კომპანიის დასკვნის საფუძველზე ირბ-ის აღმასკომს ურჩია, ჯერ ინგლისი და მერე იაპონიაო, რითაც დანარჩენ ორ კანდიდატს, სამხრეთ აფრიკასა და იტალიას გვარიანად შეერყა პოზიცია, მაგრამ რაგბში ოდითგან ფრიადი გასავალი რომა აქვს ძმა-ბიჭობას, მედიას საკითხი გადაწყვეტილად არ მიაჩნდა.

კენჭისყრა მართლა გაიწელა. ირყ-ს განაჩენი სამშაბათს, ჩვენებურად ექვსის ნახევარზე უნდა გამოექვეყნებინა, მაგრამ საქმეს დუბლინის "ბერლინგთონ ჰოტელში" ორი საათის დაგვიანებითღა დაადგა თავი. გამოცხადდა, რომ შპს-ის რეკომენდაცია 16/10 თანაფარდობით გავიდა, თორემ ინიციატივა რომ ჩაფლავებულიყო, მაშინ ხმოსნებს ცალ-ცალკე უნდა აერჩიათ ორივე თასის მასპინძელი.

ყაზახეთის შანსი

ზეპური რაგბის მოწყობას ჯერაც ბევრი უკლია დემოკრატიულობამდე. ხმათა განაწილება თამაშის დონესა და ტრადიციას მიყვება. რვა ძირძველ ბობოლას (შოტლანდია ირლანდია უელსი ინგლისი აფრიკა ზელანდია ავსტრალია საფრანგეთი) აღმასკომში ორ-ორი დელეგატი ჰყავს, ამათ ყმადნაფიც ოთხ ქვეყანას (კანადა არგენტინა იტალია იაპონია) თითო, და თითო ხმაც მსოფლიოს ექვს რეგიონს (ევროპა აფრიკა აზია ზღვისრეთი ამერიკები) ეკუთვნის.

წინა ორი ტენდერის ფინიშზე გონჯი ვაჭრობა გაჩაღდა. 2007 წლისთვის საფრანგეთმა თამაშთა წილი კელტებს უბოძა და მაგით ინგლისი გარიყა, 2011 წლისთვის კი ჯერ კიდევ ცხონებული დაიანას მორიგი კუროს, ვილ ქარლინგის მიერ "ბებერ მუცლის ქარებად" შერაცხულმა მახვშებმა რაგბის გლობალისტური ზრახვები განზე გადადეს და გოლიათ იაპონიას მარტო იმად ამჯობინეს მომცრო ზელანდია, რომ კივებს რაგბი ძაან უყვართ და მეტად ვეღარასოდეს უმასპინძლებენ ამ გაქანების შეჯიბრს, ხოლო "ოლ ბლექსი" სანაცვლოდ ყოველ წელს ეწვევა მომხრეებს და სარფს აშოვნინებს.

ხმის ძლევა ფარული კი იყო, მაგრამ "გარდიანმა" გამოიკვლია, რომ ინგლისსა და იაპონიას მიემხრნენ უელსი, შოტლანდია ან ირლანდია, კანადა, აზია, ზღვისრეთი, ორივე ამერიკა და რაც მთავარია, ავსტრალია და ზელანდია, რომლებმაც სამხრეთელ პარტნიორს, აფრიკას უგანეს. ამით ბრიტანეთმა დაიბევა "სპორტის ათწლედი", იაპონია კი აზიური რაგბის ალამდარი რომაა და ათი წლის შემდეგ მონაწილეობა დაბევებული ექნება, ფინალურ სტადიაზე მოხვედრის შანსი უჩნდებათ კორეას, ჰონკონგსა და ყაზახეთს!

საზღვარ გარეთაც

ბრიტ ფანობას სეირი კარგა ხანს არ მოაკლდება: 2012 წელს ლონდონში ოლიმპიადაა; 2013 წელს ინგლისში რაგბი ლიგის მსოფლიო თასია; 2014 წელს გლაზოგში თანამეგობრობის თამაშებია; 2015 წელს რაგბის მსოფლიო თასია; 2019 წელს თითო-დღიანი კრიკეტის მსოფლიო თასი და იმის ალბათობაც გვარიანია, რომ 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო თასის გამართვაც თამაშის სამშობლოს დაეკისრება.

ტენდერში ინგლისის მთავარი პლუსი ის იყო, რომ აფრიკასა და იტალიაზე 20 პროცენტით მეტ გარანტირებულ სარფს რისკი არ ახლავს; ოღონდ კონკურენტები იმაზეც მიანიშნებდნენ, რომ ბრიტები რვა საფეხბურთო არენის გამოყენებას აპირებენ, რაც "პრემიერ ლიგის" გაგანია სეზონში მოუხერხებელი იქნება იმად, რომ ამ შეჯიბრსა და მსოფლიო თასს სპონსორთა განსხვავებული სპექტრი ეყოლება და სტადიონების "მოკრიალება" გახდება საჭირო.

ტენდერის პირობის თანახმად, ინგლისმა ირბ-ს საწინდრად 80 მილიონი მიუთვალა, იაპონიამ კი 96 მილიონი. მენცართა შეფასებით, თასიდან ბრიტანეთის ეკონომიკა ორი მილიარდით იხეირებს. სხვაფრივ, ორივე მასპინძელს მეზობელ ქვეყანაშიც სურს თითო ასპარეზის ათვისება: ინგლისს უელსში, იაპონიას კი ჰონკონგში. ამაზე ირბ გადაჭრით არ ამბობს უარს, მაგრამ გამარჯვებულებისთვის უკვე უთქვამს, საზღვის გადაკვეთის ნება რომ დაგრთოთ, მაგის მიზან-შეწონილება ყოველმხრივ უნდა დაგვიმტკიცოთო.

>>>    მსოფლიო თასის მასპინძლები

I   1987   ზელანდია (ავსტრალია)
II   1991   ინგლისი (ხუთი ერი)
III   1995   აფრიკა
IV   1999   უელსი (ხუთი ერი)
V   2003   ავსტრალია
VI   2007   საფრანგეთი (უელსი შოტლანდია)
VII   2011   ზელანდია
VIII   2015   ინგლისი
IX   2019   იაპონია

>>>    ინგლისის განაცხადი

4/09-17/10    2015    *    ათი ქალაქი, 2.8 მილიონი ბილეთი

ლონდონი   თვიქნემი   82 ათასი   ფინ ნხფ ნხფ მხფ პულ
ლონდონი   ვემბლი   90 ათასი   მხფ პულ
ლონდონი   ემირეითსი   60,432   ბრჯ პულ
? კარდიფი   მილენიუმი   73,350   მხფ მხფ პულ
მანჩესთერი   ოლდ ტრაფორდი 76,100   პულ
ნიუკასლი   სენთ ჯეიმზიზი   52,387   პულ
ლივერპული   ანფილდი   45 ათასი   პულ
ლიდსი   ელანდ როუდი   40,204   პულ
საუსჰემპთონი სენთ მერიზი   32,689   პულ
ქოვენთრი   რიკოჰ ერინა   32,500   პულ
ლესთერი   ველფორდ როუდი 30 ათასი   პულ
გლოსთერი   ქინგსჰოლმი   18 ათასი   პულ

>>>    იაპონიის განაცხადი

6/09-20/10    2019    *    ცხრა სტადიონი

ტოკიო (ჩიჩიბუ-ნიმია, ეროვნული; იოკოჰამა (ნისანი; ოსაკა (ნაგაი; კობე (საშინაო; საპორო; სენდაი (იურტეკი; აიჩი (ტოიოტა; ფუკუოკა (ხუთ სართულა) ? ჰონკონგი

<<< >>>