ჯერ-არნახულად დააჩიავეს

   სამხრეთული "სამი ერის" მესამე შაბათს, ზღვის პირა დურბანის ავდარში, ლიდერმა "ბოკემ" ღონითა და შემართებით ერთობ დაჯაბნა სტუმარი "ოლ ბლექსი", მორნე სტეინის ჩუბინობით ზედიზედ მეორედ დატოვა უქულოდ და ჩემპიონობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

კივებმა წინა რკენის მესამე მეოთხედში ჩამორჩენა ყოჩაღად შეამცირეს, მატჩებს შორის ნაყოფიერად ივარჯიშეს, სარევანშოდ განეწყვნენ და კლასიკური "კა მატეს" ნაცვლად ჰაკად მოდერნისტული "კაპაო პანგოც" დააღრიალეს, მაგრამ ისე გაილია 80 წუთი, რომ ესოდენ უსუსური და არეული "ოლ ბლექსი", ჯერ პირქარში და მერე ზურგქარშიც, აქამდე ალბათ არავის უნახავს.

მასპინძელთა - ფური დიუპრესა და სტეინთა ყოველი აბრაგანი, გადაკიდება თუ შეგორება პანიკას იწვევდა სტუმართა ბანაკში. ზელანდიის დერეფანი კვლავ მოშლილი იყო. სეზონის აღმოჩენა, "ბოკეს" ჩია მღლეტელი ჰაინრიხ ბრიუსო ბოჭვაზე პარპაშებდა; შერკინებიდან ძალუმად უტევდა პიერ სპისი, ბრიტანელ "ლომთა" გულის მომკვლელი, 25 წლის უნერვებო მორნე კი დინჯად კრეფდა ქულებს.

აფრიკამ რასიზმის გადაგდების შემდეგ ზელანდია ზედიზედ ორჯერ პირველად ძლია, 31 ქულის მომხვეჭმა კიკერმა კი ერთბაშად სამი რეკორდი მოხსნა: აქამდე "სამი ერის" მატჩში ყველაზე მეტი, 29 ქულა ზელანდიელ ენდი მერთენსს ათი წლის წინ შეეგდო ოზთათვის; ოლ ბლექსს დასაბამიდან ყველაზე მეტი, 24 ქულა ავსტრალიელი მეტ ბერქისგან მიერთვა 11 წლის წინათ, ხოლო იაპთაგან კივთათვის იანი დებირს 22 ქულა 12 წლის წინ გაეტანა.

ოცი წუთი თავის 22-ში

ზელანდიამ უცნაური რაგბი ითამაშა: ალაგ-ალაგ წვიმაში უაზროდ რისკიანი სტრატეგია აირჩია და სულ თავისი ნახევრიდან, ხელდახელ უტია. კივები რამდენჯერმე მართლაც დაუსხლტნენ მასპინძლებს, მაგრამ წუნი ბარემ ორჯერ მეტი რომ მოუგროვდათ, მუდმივ წნეხს აბა როგორ გაუძლებდნენ? ამას დაერთო უელსელი ნაიჯელ ოუენსის ზე-მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მსაჯობა და ეგრე გამოვიდა, რომ საიმდღეო, სადა, აფრიკულმა ტაქტიკამ აშკარად გაამართლა.

დაინიშნა 26 შერკინება და მხოლოდ 15 დერეფანი. ბოკემ ბურთს ფეხი 16-ით მეტჯერ დაარტყა; სამაგიეროდ, ზელანდიას 43 პასით მეტი მოუგროვდა და 19-ით მეტ გაქცევაზე 234 მეტრით მეტიც ინავარდა, მაგრამ დროის 73 პროცენტი კი გაატარა საკუთარ ნახევარზე და 25 პროცენტი, ანუ სრული ოცი წუთი, თავის 22-ში!

სთივენ დონალდმა 30-ე წამზევე დააგდო აბრაგანი, 75-ე წამზე კი ჯიმი ქოუანს ლელოსთან დაუფარეს. მალე მორნეს აწეულზე მალილი მულიაინა დაიჭირა ჯეი-პი პიტერსენმა და ანგარიშიც გაიხსნა, მაგრამ რეფმა ერთ წუთში ბოჭვაზე ბურთის ჯგუფური ჩახურვისთვის (ახალი ტერმინიც შემოვიდა - სილინგ, ანუ კონვერტზე ბეჭდის დასმა) ბოკე დააჯარიმა და წონასწორობა აღდგა.

მოლი უმეტოქეოდ

ზელანდიამ ერთადერთი ლელო პირველივე თამამი იერიშით გაიტანა: რიჩი მაკქოუმ თავის მეოთხედში კიდიდან სწრაფად მოაწოდა ბურთი; გამოიქცნენ მა ნონუ და მულიაინა, სიტივენი სივავატუს წაბორძიკების შემდეგ კი ჯო როკოთოკომ მაინც მონახა სწორი გაგრძელება და ქოუანმა და ჯერომ კაინომ იქეთა ფრთაზე გააქცუნეს მეორე ხაზელი აიზაკ როსი, ვინც ვერ გააჩერა ჟან დეფილიერსმა.

ბოკეს მეორე გოლი რაქს მოყვა, მესამე კი 5-მეტრა შერკინებიდან მოხსნას. ამის წინ როკოთოკომ ისე აიღო თავზე ხელი, რომ საკუთარი ლელოდან კარშიც გამოირბინა, მაგრამ დაიჭირეს და უკანვე შეაბრძანეს. მალე ოუენსმა მასპინძლები მოლის უმეტოქეოდ (!) დაყენებისთვის დააჯარიმა, მულიაინას მორიგ გამოქცევას კი მოყვა ის, რომ პიტერსენი კისერში წაეტანა ქოუანს და სინბინში ჩაჯდა, ხოლო სხვაობა ოთხი ქულა გახდა.

კივებმა მეტობით ვერ იხეირეს, რაღაი როსი რაქში დაიბნა და ოფსაიდიდან მიკრა ბურთს ფეხი. ერთ შეტევაში ორჯერ მიეძალა მაკქოუ, მაგრამ ენდრიუ ჰორს ლელოსთან, კონტაქტში დაუვარდა ოვალი. ფრანს სტეინმა კუთხეში სასწაული დაურტყა კივებს და ჰორმაც დერეფნის ბოლოში, პირდაპირ ბრიუსოს (!) აუგდო, მაგრამ ბაკის ბოთა წითელ ზოლში შეაჩერეს.

ქარმაც ვერაფერი არგოთ

კაც-ნაკლულმა კივებმა შერკინების ფრთაზე ნონუ დააყენეს, მაგრამ უკან ხომ დაიხიეს და ბურთიც გამოუვარდათ. იგი იხელთა დიუპრემ და მორნემ ახლოდან მოატყუა ცხრა და ათი, სირენის შემდეგ კი ნონუს დაუვარდა ოვალი და იაპებმა ფეხით გააგორეს. ფრანსმა და ჰაბანამ ისევ გულიანად მისდიეს ბურთს, რომ კონრად სმითი და სივავატუ დაიბნენ და დაჯარიმდნენ, რის შედეგადაც მორნე დებირს შეეზიარა რეკორდში.

შესვენების შემდეგ ქარმა ზელანდიას ვერა არგო რა. ჟოან სმითი ლელოსთან გააჩერა როდნი სოიალომ, პირი ვიპუს კი პირველივე მოგერიება მოეჭრა. ბოკემ ათი ფაზა აკინძა და ორჯერ გადაიფიქრა არეკნის დარტყმა, ბოლოს კი მორნემ მაინც დაკრა და ძელს გაარტყა. სივივატუს მორიგ კადნიერ გამონავარდებაზე კონრადმა გააგორა ბურთი და ბაკის ბოთას იერიშის ჩაშლა სინბინად დაუჯდა, მაგრამ სპისმა შერკინებიდან შეუტია და ოლ ბლექსი რაქში დაჯარიმდა.

ამით სხვაობა ისევ 9 ქულა გახდა. ჯარიმაზე (ჩვენში გავრცელებული ლეგენდის უარსაყოფად!) კივებმა შეიყვანეს ლუკ მაკალისთერი, ვინც 54 მეტრიდან გაიტანა. სტატუს-ქვო დეფილიერსის მიერ დიუპრეს აბრაგანის აღების შემდეგ აღდგა. მერე ვიპუ ისე აიჭრა, რომ მისი ნაპასევი ლელოს უკანა ხაზს გადაცდა, მაგრამ სპისი კივებმა გააჩერეს, ხოლო ბისმარკ დიუპლესი ჩხუბისთვის დაჯარიმდა.

სტრატეგია სწორი იყოო

სპისმა მულიაინა გამოიჭირა ლელოში; სტუმრები შერკინებაში წამოდგნენ და სხვაობამ 12 ქულას უწია, ბოლო წუთზე კი, ბრიუსომ კიდევ რომ გააბითურა სოიალო და ოუენსმა შეპასუხებისთვის ჯარიმა 10 მეტრით წინ წაწია, მორნემ კარის წინიდან, 40 მეტრიდან პირველად ააცილა, თორემ აფრიკა 15 ქულით მოიგებდა და ორშაბათს რომ განახლდება ირბ-ის რეიტინგი, კივები მეტადაც იზარალებდნენ.

ნამატჩევს მაკქოუმ იგივე თქვა, რაც ერთი კვირით ადრე - ძაან ბევრი ვითამაშეთ ჩვენს ნახევარზე და შეცდომები მოგვეძალაო. "ოლ ბლექსის" ჭარმაგი მოძღვრის, გრემ ჰენრის მტკიცებით, სტრატეგია სწორი (!) იყო, მაგრამ ბიჭებმა ვერ შეასრულეს დავალება, ისე კი, ზელანდიას თურმე ერთი-ორი ლელოც რომ გაეტანა, თამაში სულ სხვაგვარად წარიმართებოდა.

ბოკეს კაპიტანმა ჯონ სმიტმა მშობლიურ ქალაქში, ოჯახის თვალწინ მესამოცედ უყოჩა ნაკრებს და მსოფლიო რეკორდი ჩამოართვა ინგლისელ ვილ ქარლინგსა და ავსტრალიელ ჯორჯ გრეგანს. აფრიკის მოზანგო გურუმ, პიტერ დეფილიერსმა ბრძანა, მადლობა უფალს, რომ ასე ნიჭიერი შეგირდები მყავს. აბა, მორნეს შემხედვარე ვინ იფიქრებთ, რომ ხუთიოდე კეპის პატრონიაო.

სხვაფრივ, ამ "სამ ერზე" ლელო ძნელად იდება (სამ მატჩში სულ შვიდი; შინ ჯერჯერობით ყველა იგებს. ჰოდა, ხუთი წლის წინდელის დარად, ჩემპიონი შეიძლება პრემიებით გამოვლინდეს, ან სულაც გატანილ-გაშვებულის სხვაობით!

მესამე შაბათი

>>>     აფრიკა 31:19 ზელანდია

აფრ: ფ.სტეინი პიტერსენი სბ 29, ფური (ულიფიე 78) დეფილიერსი (იაკობსი 71) ჰაბანა <10-9> მ.სტეინი დიუპრე (იანარი 78) / მთავარირა ბ.დიუპლესი (რალეპელე 79) ჯ.სმიტი კაპ^ (ი.დიუპლესი 78) ბოთა სბ 51 (ბეკერი 78) მეტფილდი; ბრიუსო ჟ.სმითი (როსუ 67) სპისი - ლ გ 8ჯ: მ.სტეინი

ზელ: მულიაინა როკოთოკო კ.სმითი ნონუ სივივატუ <10-9> დონალდი (მაკალისთერი 62) ქოუანი (ვიპუ 44) / ვუდქოქი ჰორი (მეალამუ 44-76) ფრენკსი (აფოა 67) სორნი როსი სბ 32; კაინო (რიდი 60) მაკქოუ კაპ^ სოიალო - ლ: როსი; გ: დონალდი; 4ჯ: დონალდი 3, მაკალისთერი

რეფ ოუენსი (უელ) დურბანი, აბსა სთედიუმი

3:0(5) 3:3(7) 3:10(13) 6:10(15) 9:10(18) 9:13(29სბ) 12:13(32სბ) 19:13(38) 22:13(40+2) /

22:16(51სბ) 25:16(57) 25:19(62) 28:19(66) 31:19(74)

გამეორებით გლობალზე: ორ 11.00 22.00 - სამ 05.30 12.00 20.00 - ოთხ 13.00 23.00 - ხუთ 20.00 - პარ 01.00 06.00 14.00 - შაბ (8/08) 02.00

<<    სქრამ.კომ-ის სტატისტიკა

გაქცევა 58-77 (270-504 მეტრი, გარღვევა 4-6; პასი 62-105, კონტაქტში 8-6; ფეხით 35-19, კარში 9/10-5/5, არეკნი 0/3-0; ბურთი რაქიდან 52-51, აცლა 27-17; ბოჭვა 64-64, გატარება 8-3; დაჯარიმება 8-14, სინბინი 2-1; თავისი^მეტოქის შერკინება 14^2-8^2; დერეფანი 5^4-4^2

ბოჭვა: 12 ბრიუსო მაკქოუ; 7 დეფილიერსი კაინო; 6 მთავარირა ჟ.სმითი კ.სმითი ნონუ; 5 ბ.დიუპლესი ^ გატარება: 3 დეფილიერსი

დაჯარიმება: 3 სოიალო; 2 ვუდქოქი კაინო მაკქოუ ^ ბურთის კარგვა: 4 სივივატუ ვიპუ; 3 დეფილიერსი მ.სტეინი როკოთოკო როსი

ნავარდი (მეტრი: 85 სივივატუ; 79 მულიაინა; 72 როკოთოკო; 69 ნონუ; 59 მაკქოუ; 52 სპისი; 48 დიუპრე; 39 მ.სტეინი მთავარირა; 35 კ.სმითი

ღერძი (ფეხი/პასი/შეუტია: მ.სტეინი 14/6/5, დიუპრე 8/37/6 ^ ფ.სტეინი 6/0/2 - დონალდი 4/14/1, ქოუანი 7/22/1, ვიპუ 3/19/2, მაკალისთერი 1/4/3

ხაზი (პ/შ: დეფილიერსი 7/5, ჰაბანა (!) 1/2 - მულიაინა 8/12, როკოთოკო 4/7, სივავატუ 6/10, კ.სმითი 3/6, ნონუ 4/9

მარბიელები (პ/შ: მთავარირა 0/3, ბ.დიუპლესი 0/4, ჯ.სმიტი 2/5, ბრიუსო 2/4, სპისი 2/15 - ჰორი 3/3, კაინო 1/3, მაკქოუ 5/6, სოიალო 6/7, მეალამუ 3/2

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია

ოკლენდი

22:16

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

28:19

3  1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 31:19

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

აფრიკა

8 +21 59:38 2-0 0-0 3/2 0

ზელანდია

4 -15 60:75 1-0 0-2 3/4 0

ავსტრალია

1 -6 16:22 0-0 0-1 1/1 1

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

4   8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 19.00

5

22/08

ავსტრალია - ზელანდია

სიდნეი

14.05

6 29/08 ავსტრალია - აფრიკა პერთი 14.05
7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 14.05

8

12/09

ზელანდია - აფრიკა

ჰემილტონი

11.35

9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგტონი 11.35

<<< >>>