ბარნსი ვორათაზშია!

   ვიდრე სამხრეთის "სამ ერზე" აფრიკა და ზელანდია ორ-მატჩა სერიაში არკვევდნენ ურთიერთობას, ავსტრალიის ერთბაშად შვიდმა დაჯგუფებამ შეიტანა განაცხადი ზე 15-ის ახალი გუნდის ყოლაზე; სიდნეის "ვორათაზმა" ორი ლიგელის ნაცვლად ორი ქვინზლენდელი "ვოლაბი" აიყვანა; ნაკრების კივ გურუს, რობი დინსს კი მამა რომ გარდაეცვალა, შეგირდებს კეიპტაუნში ოთხშაბათსღა ჩააკითხავს.

16-04    ზე 15, ოღონდ როგორი?

20-05    ყველაფერზე მორიგდნენ

სამხრეთელთა საზიარო საკლუბო პირველობა 2011 წლიდან ზე 15-ად რომ იქცევა, ეგ მარტში გადაწყდა, მაისში კი ალიანსმა შინაური წინააღმდეგობანიც დაძლია და კომპრომისი მონახა. მის თანახმად სამ, 5-გუნდა ეროვნულ კონფერენციად დაყოფილი დასის წევრები შინ და გარეთ ეთამაშებიან თვისტომებს, შინ ან გარეთ - დანარჩენი ათი გუნდიდან მხოლოდ რვას, სამ-რაუნდა პლეი-ოფში კი ექვსი კლუბი გადის - ხუთეულთა ჯილებს პლუს სამი უკეთესი.

ზე-რაგბში თავიდან, 1996 წელს 12 გუნდი ჩაება, გაისად კი ბოლო, მეხუთე ზე 14 გაიმართება. ალიანსმა დაადგინა, რომ ასამატებელი კლუბი ტენდერით შეარჩიოს. საამისოდ მიწვევა გაეგზავნა სამოასაც, ხოლო არგენტინას, კანადას, შტატებს, იაპონიას, ფიჯსა და ტონგას კი ეცნობათ, რომ გაფართოების ამ სტადიაზე ამქარში მათთვის ადგილი არაა, მაგრამ პერსპექტივაში შეიძლება გამოჩნდეს.

სამოამ განაცხადი არ წარადგინა, რაღაი აპიის სტადიონი თურმე მოკლე და ვიწროა! ახალი გუნდი ავსტრალიის კონფერენციაში რომ უნდა ჩაებას, ოზებმა სხვებზე მეტად იაქტიურეს - მარაქაში გარევის მსურველი მელბურნში სამი გამოჩნდა, ქვინზლენდში ორი და ახალ სამხრეთ უელსშიც ორი, მაგრამ წინასწარ არც ზელანდიასა და აფრიკას გადაუწურავთ იმედი. ჰოდა, ამცნეს ალიანსის სამდივნოს, რომ ორი და ერთი მსურველი ჰყავთ.

მელბურნის საზიარებლად

ტენდერი ეტაპობრივი იქნება. ჯერ ქვეყნებმა უნდა გამოავლინონ თავიანთი რჩეულნი, მერე ალიანსმა აარჩიოს რამდენიმე და ბოლოს, ნოემბრისთვის, გამარჯვებულიც დაასახელოს. აფრიკიდან შეჯიბრში ჩაბმა სურს პორტ-ელიზაბეთის "საზერნ კინგზს", რაიც საზანგეთს წარმოადენს; ზელანდიაში "ჰარიკენზიდან" გამოყოფა უნდათ ნიუ პლიმუთის "თარანაქს" და ნეიპირის "ჰოქს ბეს", რეალურად კი ტურნირი იმისთვის ფართოვდება, რომ ავსტრალია გაუტოლდეს პარტნიორებს და რაგბს აზიაროს მეგაპოლისი მელბურნიც!

ამისი კონკურენტები არიან ქვინზლენდის "ოქროს ნაპირი" და დასავლეთი სიდნეი, ვისი პუბლიკაც "ვორათაზს" ნაკლებად ქომაგობს და ცალკე გუნდის ყოლა ურჩევნია. ოზები ახალი კლუბში შეკრებენ პერსპექტიულ ბიჭებს, ევროპაში წასულ თავისიანებს, კუნძულელებს და 13-კაცა ლიგის ვარსკვლავებს, რომელთაგან რაგბში მხოლოდ თითო-ოროლამ თუ ივარგა.

მიზეზთა გამო 15-კაცა თამაშს ბოლო მსოფლიო თასამდევე გამოაკლდნენ ვენდელ სეილორი და მეტ როჯერსი, წლევანდელი ზე 14-ის შემდეგ კი, ლოტე ტუნქირი და ტიმანა ტაჰუც. პირველს კავშირმა გაუწყვიტა სარფიანი კონტრაქტი, რის გამოც საქმეს არბიტრაჟი განიხილავს, ხოლო მეორემ თავად ინდომა ლიგაში დაბრუნება. ორივენი ვორათაზის ბეკები რომ იყვნენ, გაჩნდა ვაკანსია. ჰოდა, სიდნეიში პერთის "ფორსიდან" გადავიდა დრუ მიჩელი, ბრისბენის "რედსიდან" კი, თვით ბერიქ ბარნსი!

მეტად გაიფურჩქნება

23 წლის ბარნსი ექს-ლიგელია და მეტ გიტოსთან ნაკრებში ორმაგ ღერძს ქმნის. რედსი ბოლო წლებში ერთობ წახდა და ფეხზე ვერაფრით დადგა. ბარნსი მართლაც ცოდო იყო მაგ გუნდში, ვორათაზში კი მეტად გაიფურჩქნება. იგივე ითქმის 10 ნომერ გიტოზე, ვინც ფორსიდან დაბრუნდა მშობლიურ კლუბში, კანბერის "ბრამბიზში", სადაც დუბლინის (ირლანდია) "ლენსთერიდან" ზორბა სიდნეელი, როკი ელსომიც მივიდა.

წლევანდელი "ჰაინეკენის თასის" გმირ ელსომს მუხლი ჯერ ვერ მოურჩა და ვოლაბებს აფრიკაში ვერ გაყვა. ბარნსის გარდა, ცნობილი ლიგელი "ფორსს" შემორჩა და იგია რაიან ქროსი; ბერიქისგან განსხვავებით, "რედსი" არ მიატოვა მულღაზანზრელმა გარემარბმა დიგბი აიონმა, ფორსმა კი გიტოს ადგილას, იოჰანესბერგის (აფრიკა) "ლაიონზიდან" მიიღო ანდრე პრეტორიუსი და ეჭვიც არ ეპარება, რომ ვუნდერკინდ ჯეიმზ ოქონორსაც შეინარჩუნებს.

ფორსში ევროპიდან მიბრუნდა ბრამბიზის ყოფილი ბეკი მარკ ბართოლომიუსი, ვინც ორ-ორი წელი გაატარა ლონდონის "სარასენსში", ბელფასტის (ირლანდია) "ალსთერში" და პადოვას (იტალია) "პეტრარკაში". პერთშივე ავსტრალია თვის ბოლოს უხვდება ინდოეთის ოკეანის გადაღმად ჩასულ "ბოკეს", ვინც "ოლ ბლექსის" ორჯერ ძლევით "სამ ერს" დამაჯერებლად ლიდერობს, დინსის მამა ენთონი კი 83 წლისა რომ აღესრულა, ნაკრებს კეიპატუნში რობის თანაშემწენი, ჯიმ ვილიამსი და რიჩარდ გრემი ამზადებენ.

>>>    სამი ერი

აფრიკა 8 (2-0, ზელანდია 4 (1-2, ავსტრალია 1 (0-1)

შაბ 8/08    აფრიკა - ავსტრალია    კეიპტაუნი 19.00 საქ

<<< >>>