ბლად-გეითი: ნუ ისიაფანდებ!

   ზეპური, ინგლისი "გინესის პირველობა" ამ არა და იქეთა უქმეებზე იწყება, არდადეგებზე კი ჯენთლმენთა თამაშს ძაან შეელახა იმიჯი: აპრილში მომხდარი უმსგავსობა ახლაღა გაირჩა, რის შედეგადაც ყალთაბანდობაში ამხილეს ნაკრების ძველი 8 ნომერი, ლონდონის "ჰარლიქვინზის" აწ უკვე ყოფილი მწურთნელი დინ რიჩარდსი და მსოფლიო მასშტაბით, სამი წლით განკვეთეს.

შტატების პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან დაკავშირებული, 1974 წლის სკანდალის, "ვოთერ გეითის" წაბაძვით, ინგლისურად მეტყველ ქვეყნებში სხვა სფეროთა შარებსაც "გეითს" უსვამენ ბოლო-სართად, და რაღაი ჰარლიქვინზის აფიორაში მთავარი მოქმედი პირი ძალად დასისხლიანებული მოთამაშე იყო, ამბავი "ბლად გეითად" შევიდა რაგბის ისტორიაში ("ბლად" სისხლსა ნიშნავს)

კვირას, 12 აპრილს, ევროპული "ჰაინეკენის თასის" მეოთხედფინალში, "ჰარლიქვინზმა" შინ, "თვიქნემ სთუფზე", 5:6 წააგო მომავალ ჩემპიონთან, დუბლინის (ირლანდია) "ლენსთერ ლაიონზთან" და გავარდა. ლონდონელები თამაშის ბოლოს ეძალებოდნენ სტუმრებს, მაგრამ ტრავმათა გამო რომ უკვე შეეცვალათ ორივე კიკერი, წაიეშმაკეს - ბეკ თომ ვილიამსს სიაფანდზე დაადენინეს სისხლი და მოედანზე დააბრუნეს ზელანდიელი ნიკ ევანსი.

ამას ფეხი ტკენოდა, მაგრამ ირბ-ის ფარისევლური და სპორტის სამყაროში უმაგალითოდ უაზრო წესის თანახმად, "ტრავმის გამო კი არა, ოდენ ტაქტიკურად" შეეცვალა გურუ რიჩარდსს. ჰოდა, ვილიამსი სისხლდენის წყალობით რომ გამოვიდა მოედნიდან, მხსნელად ხმობილ ნიკს გუნდმა გულ-და-გულ შეუმზადა არეკნი, მაგრამ ეს ტკივილს ვერ მოერია და ააცილა, რითაც რაგბეთი თურმე დიდ უსიამოვნებას გადაურჩა, რაღაი ტურნირის შედეგი გაუხდებოდა გასაუქმებელი.

საღებავიანი კაფსულა

შეცვლილი ვილიამსი ტრიბუნისკენ რომ მიემართებოდა, თვალი ჩაუკრა უფროსობას, რაზეც საზოგადოებამ ეჭვი აიღო. რაც რაგბში შიდსისა და ჰეპატიტის შიშით "სისხლზე შეცვლა" შემოვიდა, გუნდებს ბევრჯერ უცრუიათ და ზედმეტად შეუყვანიათ სათადარიგო. მანამდეც, ვიდრე "სამოყვარულო წესებით" მხოლოდ დაშავებულის გამოცვლა შეიძლებოდა, უთვალავ შემთხვევაში თავი მოუსაწყლებიათ "კეთილ შობილთა სპორტის" მიმდევრებს, ბითური ირბ კი 2009 წლის წესებშიც ვერაფრით შელევია დახავსებულ, სიყალბის-მბად პრინციპებს.

ვილიამსის ინციდენტი "ჰაინეკენის" ორგანიზატორმა, შპს "ევროპის თასმა" მოუცლელობით (!) სამი თვის თავზეღა გაარჩია და მზარდ, პროფესიონალ მორაგბეს 12 თვით მისცა დისკვალიფიკაცია; კლუბი 250 ათასი ევროთი (215 000 გირვანქა, 360 400 დოლარი) დაჯარიმდა; ამ თანხის მეორე ნახევარი ჰარლიქვინზს მაშინღა გადახდებოდა, თუ დამდეგ ორ წელში რამეს დააშავებდა, საქმეში გარეული ყველა სხვა პირი კი უცოდველად წარმოაჩინა სამსჯავრომ.

არადა, მოკვლევისას დადგინდა, რომ თომს გამოუყენებია წითელ საღებავიანი კაფსულა, რომელსაც ჯერ კიდევ მარო საფაროვას ხანაში ხმარობდნენ მსახიობები და 1990-იანი წლების რაგბულ სკანდალებშიც ფიგურირებდა. ამ საყალთაბანდო სამარჯვს ბიჭს მოედანზე ვინ შეუტანდა, თუ არა გუნდის ფიზიო ან თულუხჩი; და ვილიამსიც მატჩის კრიტიკულ მომენტში მარტო ვერ მოიფიქრებდა და ვერც ერთ-პიროვნულად გადაწყვეტდა, მოდი, მსაჯს გავაცურებ, ხოლო ჩემს მაგივრად შესული ევანსი არეკნს დაარტყამსო.

მოძალადე შეფები

რომ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, საქმის ხელახლა მოსმენა მოითხოვა შპს-ისვე წესრიგის გადიამ, როჯერ ოქონორმა. მორაგბესაც ემძიმა სასჯელი და აპელაცია შეიტანა. გულმა ცუდი რომ უგრძნო, ჰარლიქვინზის მწურთნელობიდან სასწრაფოდ გადადგა რიჩარდსი, კლუბის მთავარმა მოხელემ, მარკ ევანსმა კი სრულიად რაგბეთს ბოდიში მოუხადა სახელის გატეხვისთვის და ითხოვა, შემოდგომაზე დასაწყები ჰაინეკენიდან ნუ გაგვრიცხავთო.

"ევროპის თასმა" სპორტულად გამართლებული გადაწყვეტილება მიიღო: კლუბი შეჯიბრში დატოვა, მაგრამ ჯარიმა 300 ათას ევრომდე (259 000 გირქვანა, 424 100 დოლარი) გაუზარდა და მისი უპირობოდ გადახდა მოთხოვა; სამი წლით დაისაჯა გურუ რიჩარდსი; ორი წლით, ფიზიო სთეფ ბრენანი, მოთამაშეს კი სასჯელი ოთხ თვემდე შეუმცირდა, რაღაი პირველი, ყალბი ჩვენება გადათქვა და სააშკარაოზე გამოიყვანა მოძალადე შეფები, რომლებმაც ორჯერ აცრუეს.

პირველი დანაშაული კაფსულის გამოყენება იყო, მეორე კი ნამატჩევს ტუჩის განგებ გაპობა, რათა კლუბს გასამართლებელი საბუთი ჰქონოდა. გაცხადდა, რომ მთელ ამ ოღრაშობას თვით რიჩარდსი და ბრენანი წარმართავდნენ. მეტიც, გაირკვა, რომ დუეტს იგივე ფანდი ადრეც ოთხჯერ (!) გამოეყენებინა შინაურ ასპარეზზე, და სხვა კლუბებიც რომ ვერ არიან პირ-ნათელნი, ამიერიდან "გინესზე" კაცს სისხლზე მაშინღა შეცვლი, თუ მეტოქის ექიმიც ყაბულსაა.

მარგი გაკვეთილი

ზოგადად სპორტში არა, მაგრამ რაგბში კი სასჯელი ყოვლის მომცველია, ანუ სხვა ქვეყნებზე და შეჯიბრებებზეც ვრცელდება. ირბ და "ევროპის თასი" დუბლინში ერთი და იმავე შენობის სხვადასხვა სართულზე სუფევენ, რის გამოც შეხმატკბილებულად მოქმედებენ.

აქედან გამომდინარე, "ნულოვანი შემწყნარებლობის" პრინციპით მოღვაწე ირბ-მა შემდეგ დღესვე გლობალურად აქცია "დინოს" სამ-წლიანი დისკვალიფიკაცია, "ჩამშვები" მორაგბე კი ასოციაციამ გაამართლა, პირველი ჩვენება უფროსთა დაძალებით, ვითომც კლუბის სასიკეთოდ მისცა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ სიმართლე უნდა ელაპარაკა და ეგ მარგი გაკვეთილი იქნება სხვებისთვისო.

ბრენანი უკვე ნაკრებშიც აეყვანათ, მაგრამ უმალ დაითხოვეს. კავშირმა შერცხვენილ კლუბს შპს-ის სასჯელი აკმარა და წინა შეცოდებებს აღარ ჩაეძია. რიჩარდსის ნაცვლად "ჰარლიქვინზს" უბერებელი სქოთის, აფრიკაში ბრიტანეთის "ლომების" ჩამყვანი იენ მაკგიქანის მიწვევა სურს, "ჰაინეკენის" მე-15 გათამაშებაში კი სიახლე ისაა, რომ მეოთხედფინალს მიღმა დარჩენილი სამი მეორე ადგილოსანი უმცროს, "ჩელენჯ ქაფზე" ჩააკითხავს ხუთ პულის ჩემპიონს.

>>>    XV "ჰაინეკენის თასი"

1  მანსთერი (ირლ, პერპინიანი (სფრ, ნორსჰემპთონი (ინგ, ტრევიზო (იტა)
2  ბიარიცი (სფრ, გლოსთერი (ინგ, დრეგონზი (უელ, გლაზგო (შტლ)
3  ლესთერი (ინგ, ოსფრიზი (უელ, კლერმონი (სფრ, ვიადანა (იტა)
4  ბასი (ინგ, სტადი (სფრ, ალსთერი (ირლ, ედინბურგი (შტლ)
5  ტულუზი (სფრ, კარდიფი (უელ, სეილი (ინგ, ჰარლიქვინზი (ინგ)
6  ლენსთერი (ირლ, აირიში (ინგ, ჰლანეჰლი (უელ, ბრივი (სფრ)

პულური რაუნდები: 2009 9-11^16-18/10, 11-13^18-20/12; 2010 15-17^22-24/01
მეოთხედფინალი 9-11/04, ნახევარფინალი 1-2/05, ფინალი 22/05 (სანდენი)

<<< >>>