ოვალზე, რეტრო-წესებით

   სამხრეთული "სამი ერის" მეექვსე შაბათს, ჩვენებურად დღის ორზე, უკვე სამგზის ძლეული ავსტრალიის "ვოლაბიზი" ქვეყნის დასავლეთ კიდეზე იღებს ლიდერს, აფრიკის "ბოკეს", ვისაც შინ სამჯერვე კი მოუგია, მაგრამ გარეთ გაუმარჯვებლად ვერ იპირველებს.

თამაში პერთშია, სადაც 2003 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებმა ორჯერ ირაგბეს. რაც "სამი ერი" იმართება, ბოკეს ოზთათვის ინდოეთის ოკეანის გადაღმად სულ ორჯერ მოუგია და ერთხელაც ფრეს გამორჩენილა. აფრიკის სასიკეთოდ დასრულებული სამივე ეს მატჩი მოეწყო "სუბიაკო ოვალზე", რაიც ეროვნული, 18-კაცა ფეხბურთის (აფლ) ასპარეზია, ანუ რაგბისაზე ვრცელია.

ამის გამო ტრიბუნიდან 15-კაცა თამაში ცუდად მოჩანს. პანორამა რომ გაშლილია და ქარიც ხშირად უბერავს, გუნდები ფეხს მალიმალ ურტყამენ ბურთს, რაც ირბ-ის რეტრო-წესთა გადამკიდე, ისედაც ამ "სამი ერის" ჭირია. ასე რომ, ამჯერადაც ბათქა-ბუთქს უნდა ველოდეთ, მით უფრო, თუ პერთის, აფლ-ზე გაზრდილი პუბლიკა მას ხელდახელ ბურთაობაზე მეტად დააფასებს.

მოდის კანონმდებლები

მიწაზე ჭიდილსა და საჰაერო პინგ-პონგში ამჟამინდელ "ბოკეს" ტოლი არა ჰყავს. ზელანდიის "ოლ ბლექსის" უფროსობამ აფრიკას რომ ვერაფერი მოუხერხა, ირბ-ულ ნოვაციათა უვარგისობა დაიხვია ხელზე. ამავე თემაზე ჩამოუგდო ოზურმა მედიამ სიტყვა პერთში ოთხშაბათსა ჩასულ იაპთა პირველ არა-თეთრ გურუს, პიტერ დეფილიერსს და პასუხად მიიღო, წესებს მე არა ვთხზავ, მაგრამ გუნდის თამაშს კი ვუსადაგებ მოქმედ კოდექსს და მეამაყება, რომ ეს სხვებზე უკეთ გამომდისო.

ენა-კვიმატი მოძღვრის თქმით, უცხოელი მაყურებლის შექცევა მის პრიორიტეტებშიც წერია, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც გამარჯვებით შინაურთა გახარებაა. პიტერს ეგეც შეუმჩნევია, რომ ავსტრალია - ზელანდიის ბოლო მატჩში ფეხით თამაში უწინდელზე მეტი იყო, რაც თურმე იმით აიხსნება, რომ აფრიკა, პოსტ-აპარტეიდის პირველი ათწლეულისგან განსხვავებით, სხვებს კი აღარ ბაძავს, არამედ იქეთ გამხდარა მოდის კანონმდებელი!

რაღაი კონკურენტთაგან განქიქებულ, სადა სტილს წარმატება მოაქვს, ბოკე მასზე ხელის აღებას არც აპირებს, დეფილიერსი კი მეგობრულად ურჩევს მეტოქეებს, მთლად სხვა ყაიდაზე გადასვლასაც ნუ ეცდებით, რაღაი სანაკრებო რაგბში პრინციპთა უმეტესობას ვერ დაარღვევთო. არადა, ავსტრალიის ზელანდიელი მწურთნელი რობი დინსი თურმე ისეთი ტაქტიკის არჩევას აპირებს, რომ აფრიკას სხვანაირად, უჩვევ სტილში მოუწიოს თამაშმა.

მესამე პოზიციაზე

ავსტრალიას გამოაკლდნენ ზელანდიასთან დაშავებულნი, მეორე მგეზავი ბერიქ ბარნსი (კისერი) და დერეფნის გამძღოლი ნეითან შარფი (მხარი) მაგრამ დროით მორჩნენ ნორჩი 15 ნომერი ჯეიმზ ოქონორი (წვივი) და მარბიელი როკი ელსომი (კოჭი) ამათ ლოდინში 15-ეულის გამოცხადება ორი დღით დაგვიანდა.

უნივერსალი ბეკი ადამ ეშლი-კუპერი მიმდინარე ტურნირში მესამე პოზიციაზეც (15 13 12) ითამაშებს; დერეფანში კოდს ნაკრებში დაბრუნებული მარკ ჩიზომი დაიძახებს; მარჯვენა ბურჯად მარქაფიდან დაწინაურებული ბენ ელიგზანდერი დადგება, გარემარბად კი "უფეხო" პიტერ ჰაინსი ამჯობინა დინსმა დრუ მიჩელს, ვინაც წინა შაბათს დენ კარტერის გადაკიდებული აუტში ვერ მოიგერია.

ბოკეს ერთი სიახლე ძირითადშია და ერთიც მარქაფაში. მაგარი მობურთალიაო და კოლორიტ ფრანს სტეინის ნაცვლად 15 ნომრად დააწინაურეს რუან პინარი, ხოლო ურჯუკობისთვის 8-კვირა-ნაუქმები სხალკ ბერგერი ოდენ რეზერვშია, რაკი დეფილიერსის თქმით, სანტიმენტალობა არაფის მაქნისია და მღლეტელად ჩია ჰაინრიხ ბრიუსოს ყოლა გუნდისთვის არსებითია.

პროტესტი დაიგმო

თამაში 2000 წელსღა დაწესებულ "მანდელას სინზეა". ჯილდო ავსტრალიას უპყრია, აფრიკას კი სერიის პირველი თამაში მოუგია. თუ "ვოლაბიზი" გაიმარჯვებს, "ოლ ბლექსი" რეიტინგში ისევ გადაუსწრებს "ბოკეს", მაგრამ ეგ ოზეთის საფსონო კანტორებსაც ნაკლებ ალბათურად მიაჩნიათ.

სხვაფრივ, ირბ-მა დაგმო აფრიკელთა პროტესტი: ბრიტანეთის "ლომებთან" ბოლო ტესტზე ბოკე თეთრი სამკლაურებით გამოვიდა, ესაო და ბაკის ბოთამ წესთა დაცვით მოაკრიალა რაქი, თქვენ კი მეტოქის დაშავების გამო ორი კვირით დაგვისაჯეთო.

დუბლინის ოფისმა დამოუკიდებელ მსაჯულებად თითო ზელანდიელ და არგენტინელ ვექილს უხმო და მათ ავსტრალიის ლეგენდარული კაპიტანი ჯონ ილზიც დაახმარა. ჰოდა, ტრიბუნალმა კავშირი 10 ათასი გირვანქით დააჯარიმ, სკიპერი ჯონ სმიტი ათასით, რაზმის სხვა წევრები ორას-ორასით და თან ბრძანა, იმედია, სხვა გუნდებს პროტესტის ესოდენ მიუღებელი ფორმით გამოხატვის ხალისი დაეკარგებათო.

>>>     მეექვსე შაბათი

ბოლო ტესტის აქეთ
^ დააწინაურეს, # დაამცრეს, * დაემატა, $ დაძრეს

<<<     ავსტრალია - აფრიკა

>>     ვოლაბიზი

ბეკ) 15 ჯეიმზ ოქონორი, 14 ლოქი თერნერი, 13 რაიან ქროსი^ 12 ადამ ეშლი-კუპერი$ 11 პიტერ ჰაინსი^ 10 მეტ გიტო, 9 ლუკ ბერჯესი /

ფორ) 1 ბენ რობინსონი, 2 სთივენ მური, 3 ბენ ელიგზანდერი^ 4 ჯეიმზ ჰორვილი, 5 მარკ ჩიზომი* 6 როკი ელსომი, 7 ჯორჯ სმითი კაპ, 8 რიჩარდ ბრაუნი

მრქ) 22 დრუ მიჩელი# 21 ქეიდ კუპერი* 20 ვილ გენია / 16 ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17 ელ ბაქსთერი# 18 დინ მამი, 19 დევიდ ფოქოქი

>>     ბოკე

ბეკ) 15 რუან პინარი^ 14 ჯეიპი პიტერსენი, 13 ჟაკ ფური, 12 ჟან დეფილიერსი, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 მორნე სტეინი, 9 ფური დიუპრე /

ფორ) 1 თენდაი-ბისთ მთავარირა, 2 ბისმარკ დიუპლესი, 3 ჯონ სმიტი კაპ; 4 ბაკის ბოთა, 5 ვიკტორ მეტფილდი; 6 ჰაინრიხ ბრიუსო, 7 ჟოან სმითი, 8 პიერ სპისი

მრქ) 22 ფრანს სტეინი# 21 ადი იაკობსი, 20 რიკი იანარი / 16 ჩილიბოი რალეპელე, 17 იანი დიუპლესი; 18 ანდრის ბეკერი, 19 სხალკ ბერგერი*

>>     მსაჯები

რეფ) ბრაის ლორენსი; კიდ) ქრის პოლოქი / ვილი მანრო (ზელ)

შაბ 29/08    პერთი, სუბიაკო ოვალი

>>     გლობალ ტვ

ცოცხლად: 14.00 საქ (54 არხი)
გამეორებით: კვი 01.30 12.30 - ორ 05.00 11.00 - სამ 14.30 - ხუთ 02.30 - პარ 06.00

>>     ფსონები

მოგება: ავს 2.4 - აფრ 1.55 * ფორა 4.5
სხვაობა: ავს>13 6.0, ავს[1-12] 3.5, ფრე 29.0, აფრ[1-12] 2.9, აფრ>13 3.25
ჩემპიონობა (წინა კვირაში: აფრ 1.22(1.25, ზელ 4.25(6.5, ავს 23.0(7.0)

>>     ბალანსი

სულ (1933-2009) 66: 26-39*1
ავსტრალიაში (1937-2008) 28: 17-10*1

სამ ერზე (1996-2009) 29: 13-15*1 (638:614)
სამ ერზე ავსტრალიაში (1996-2008) 14: 11-2*1 (364:204)
პერთში (1998-2008) 2-2*1 (92:85)

შარშან 2-1 (16:9 პერთი 19/07, 27:15 დურბანი 23/08, 8:53 იოჰანესბერგი 30/08)

>>     ირბ-ის რეიტინგი

24/08) 1 აფრიკა 9119, 2 ზელანდია 9036, 3 ავსტრალია 8491 - 4 ირლანდია 8327, 5 საფრანგეთი 8148, 6 არგენტინა 8129, 7 ინგლისი 8123, 8 უელსი 8074 ^ პლუს-მინუსი: ზელ 94 ავს

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია

ლენდი

22:16

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

28:19

3  1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 31:19
4  8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 29:17

5

22/08

ავსტრალია - ზელანდია

სიდნეი

18:19

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

აფრიკა

12 +33 88:55 3-0 0-0 4/4 0

ზელანდია

8 -14 79:93 1-0 1-2 4/4 0

ავსტრალია

2 -19 51:70 0-1 0-2 3/3 2

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

6 29/08 ავსტრალია - აფრიკა პერთი 14.05
7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 14.05

8

12/09

ზელანდია - აფრიკა

ჰემილონი

11.35

9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგონი 11.35

<<< >>>