ლამის უსიტყვოდ

   სამხრეთული "სამი ერის" ბოლოსწინა, მერვე შაბათს ლიდერმა, აფრიკის "ბოკემ" სტუმრად, ლამის უსიტყვოდ, პრაგმატულ სტილში გააბითურა ერთადერთი კონკურენტი, ზელანდიის "ოლ ბლექსი" და ოთხ-წლიანი ზეობა დაუსრულა.

ბოკეს სტრატეგიული მიზნის მისაღწევად შვიდზე მეტით არ უნდა წაეგო და არც ოთხი ლელო გაეშვა, მაგრამ საწყის საათში ისე დაიბრიყვა მეტოქე, რომ ამას ტიტულის შენარჩუნების ყოველგვარი იმედი გადაუწურა. და მაინც, ჩემპიონები ბრძოლაში რომ მარცხდებიან და რაგბიც რომ ვაჟკაცთა თამაშია, "ოლ ბლექსმა" სამამდე შეამცირა ჩამორჩენა და სირენის შემდეგაც უტია, მაგრამ სამართალმა ჭამა პური და აფრიკამ გამარჯვებულმა იპირველა.

ზელანდია თუ "სამი ერის" 9-გზის ჩემპიონია, ბოკემ მე-14 სეზონში ოდენ მესამედ იმარჯვა. იაპებმა კივებს წელს სამივე თამაში მოუგეს, რაც ბოლოჯერ 60 წლის წინ ექნათ. შედეგი ისტორიულად სხვაფრივაც იყო საგულისხმო: ირბ-ის რვა ბობოლაში ზელანდია შეიქნა ბოლო, ვინც დასაბამიდან მეასე (!) მარცხი იგემა. ოლ ბლექსმა ამ უსიამო მიჯნას 452-ე ტესტშიღა უწია, მაშინ როცა ბოკეს 100 წაგება 319 მატჩში მოუგროვდა.

მერაკეტის ჰეთ-თრიკი

პროვინციული ჰემილტონი ორი ბუმბერაზის შებმას პირველად მასპინძლობდა. ლიანგი კიკერებს ყიჟინით აწუხებდა და არც ჩქარი მუსიკა უხდებოდა ზეპურ რაგბს. ბედად, არ გამართლდა პროგნოზი - არ უწვიმია. ნიავიც რომ არ ქროდა, მით უფრო დასაფასებელია ჯეელი ფრანს სტეინის ჰეთ-თრიკი: საფრანგეთს მიმავალმა ბეკმა, ვინც კაპიტანმა ჯონ სმიტმა მერაკეტედ მოიხსენია, 60, 56 და 53 მეტრიდან შეაგდო ჯარიმები, რითაც მოქმედ წესთა აბსურდულობა კიდევ გამოჩნდა.

აფრიკის ორივე ლელოც მეტოქის უხეშ შეცდომას მოყვა. კივთა ბეკებმა პირველად 25-ე წუთზეღა წაიბურთავეს; ოლ ბლექსს ლელოსთან პირველად ზედ შესვენების წინღა მიეცა შესატევი პლაცდარმი; მასპინძლები ბოლო მეოთხედშიღა გახელდნენ და არიეს დაშტამპული თამაში, თორემ მანამდე აგებდნენ თავის დერეფანს, გეზს უსწოროდ ირჩევდნენ, ბოკეს დაცვაში ეფლობოდნენ და წუნიც მეტის მეტი მოსდიოდათ - მარტო მა ნონუს ოთხჯერ დაუვარდა ოვალი.

უხიფათო ვითარებაში

ბოკეს მოთელვაზე რომ გამოაკლდა მარბიელი ჟოან სმითი, 7 ნომრად მარქაფიდან ციმციმ დააწინაურა სხალკ ბერგერი. თავი მოიქაჩლა უელსელმა რეფმაც და მე-13 წამზე (!) სმიტი გზის შეკვრისთვის დააჯარიმა. უფალმა ოუენსმა მერეც გვიჩვენა ასოკირკიტობის მაგალითი - სტუმრები დასაჯა, მოგერიებულს ოფსაიდიდან რად გაყევითო, მაგრამ წამატებულ წამებზე დენ კარტერმა ფრთაზე რომ გადაკიდა ბურთი და ორი კივი ვერ შეწვდა ოვალს, კაცმა არ იცის, შენიშნავდა თუ არა ბარაქიან თამაშგარეს.

ბოკემ მატჩში ერთადერთხელ, მე-4 წუთზე შეუტია ფაზურად და ზედიზედ უწია წითელ ზოლს. ფრანსის მიერ გატანილი სამივე გოლი უხიფათო ვითარებაში მიღებულ ჯარიმას მოყვა. პირველი შერკინება მე-14 წუთზეღა დაინიშნა; სმიტი, ვინც ბურჯის ხელობას სიბერეში ეუფლება, ჩაწვა, მაგრამ მსაჯმა ნამუსი მოწმინდა, ვხედავ, რომ ფეხი დაგიცდაო, თუმცკი დააჯარიმა და ანგარიშიც გათანაბრდა. ეს იყო და ბოკემ ფრთიდან ფრთამდე შეტევით წინ წაიწია და მორნე სტეინმა დამიზნებით შეაგდო არეკნი.

დაფინტა და გადაგორდა

კიკერებმა სადგამიდან 14-ჯერ დაარტყეს და ყველა გაიტანეს. ბოკეს პირველ ლელოზე ფური დიუპრემ მეტოქის დერეფნიდან აწია აბრაგანი, თავად მიუხდა ჯო როკოთოკოს და კივებმა წამოსწრებული ბაკის ბოთა ზედ ლელოსთან რომ დასცეს, ჰავბეკმა დაფინტა და მოკლე ფრთაზე ხაზს იქეთ გადაგორდა. ოლ ბლექსი უწესობამაც დააღალატა: ქიარან რიდი სასტვენის შემდეგ მხრით დაეჯახა ბრაიან ჰაბანას, ტაიმის ბოლო ორ წუთში კი მასპინძლებმა თითოჯერ შეაცურეს ბურთი ლელოში, მაგრამ სტეინებმა იმარჯვეს.

მეორე ნახევრის დასაწყისში მორნეს აბრაგანი ვერ აიღო სიტივენი სივავატუმ და დიუპლესს ცოტა დააკლდა მიზნამდე, ხოლო ფრანსმა 50 მეტრიდან, ოღონდაც კიდიდან, ოდნავ ააცილა არეკნი. ზელანდიამ თამაშის ჩარხის შემოსაბრუნებლად შეცვლები წამოიწყო, მაგრამ კარტერმა ვერ მოზომა მოსხეპილი პასი, ევროპაშივე მიმავალმა ჟან დეფილიერსმა ჩაუჭრა და გაინავარდა, რითაც სტუმართა ფორამ 17 ქულას (29:12) უწია.

ცოტათი გადააცილა

აქ კივები ისე წახდნენ, რომ ოვალი კაპიტან რიჩი მაკქოუსაც გაუვარდა, მაგრამ თავზე კი აიღეს ხელი: ნონუს გარღვევიდან შეცვლაზე შესულმა ისაია ტოიავამ სივივატუ გააქანა და ეს ვეღარ გააჩერა ბერგერმა. საათის თავზე ზელანდიას 20 მეტრზე, კარის წინ ერგო ჯარიმა, მაგრამ სკიპერმა კარში დარტყმის ნაცვლად შერკინება ითხოვა, რაც იმით დასრულდა, რომ ბოკემ უკან დაახევინა მასპინძლებს და ჯარიმას გამორჩა.

აფრიკამ მეტოქის ნახევარზე ფეხით გადაიტანა თამაში, ჯიმი ქოაუნს მოგერიებაზე დაუფარა, ტოიავა ალყაში მოაქცია და სხვაობა ათამდე გაზარდა (32:22. ამას მოყვა სამ-წუთა ქაოსი, რომელშიც გუნდებს ორ-ორი თერნოვერი შეემთხვათ და რისკიანად უტიეს. ამგვარ რაგბში კივები ჯობნიან იაპებს: კარტერმა ქორი ჯეინს შორს მიაწვდინა პასი, მერე მაკქოუს ალამთან ფეხით მიაწოდა, გარდასახვა კიდიდან 20 წამში (!) შეაგდო და სირენის შემდეგაც სცადა ქიქაუთი, მაგრამ სამიზნეს ცოტათი გადააცილა.

მერვე შაბათი

>>>     ზელანდია 29:32 აფრიკა

ზელ: მულიაინა როკოთოკო ნონუ დონალდი (ტოიავა 51) სივივატუ (ჯეინი 73) <10-9> კარტერი ქოუანი / ვუდქოქი ჰორი ფრენკსი (აფოა 51) სორნი როსი; კაინო (თომსონი 72) მაკქოუ კაპ, რიდი - 2ლ: სივივატუ მაკქოუ; 2გ 5ჯ: კარტერი

აფრ: ფ.სტეინი ო.ნდუნხანე ფური დეფილიერსი ჰაბანა (იაკობსი 78) <10-9> მ.სტეინი დიუპრე (იანარი 78) / მთავარირა (ი.დიუპლესი 80) ბ.დიუპლესი (რალეპელე 80) ჯ.სმიტი კაპ; ბოთა (როსუ 72) მეტფილდი; ბრიუსო ბერგერი (კანკოვსკი 68) სპისი - 2ლ: დიუპრე დეფილიერსი; 2გ ა: მ.სტეინი; 5ჯ: ფ.სტეინი (1 2 3) მ.სტეინი (4 5)

რეფ ოუენსი (უელ) ჰემილთონი, ვაიქათო სთედიუმი (31 ათასი)

3:0(2) 3:3(6) 3:6(10) 6:6(15) 6:9(17ა) 6:16(21) 9:16(23) 9:19(27) 9:22(34) 12:22(36) /
12:29(52) 19:29(57) 22:29(66) 22:32(72) 29:32(79) ბოლო(80+1)

გამეორებით გლობალზე: ორ 11.00 23.00 - სამ 12.30 - ხუთ 02.30

>>>     სქრამ.კომ-ის სტატისტიკა

გაქცევა 95-39 (467-151 მეტრი, გარღვევა 5-4; პასი 120-39, კონტაქტში 15-2; ფეხით 33-37, კარში სადგამიდან 7/7-7/7, არეკნი 0-1/2; ბურთი რაქიდან 75-31, აცლა 9-16; ბოჭვა 49-109, გატარება 2-22; დაჯარიმება 8-12; თავისი^მეტოქის შერკინება 7^0-8^1; დერეფანი 6^2-9^5

ბოჭვა: 12 მეტფილდი; 11 მ.სტეინი; 9 ბერგერი; 8 დეფილიერსი ჰაბანა ბ.დიუპლესი ბრიუსო სპისი; 7 მაკქოუ ფ.სტეინი; 6 ნონუ ფრენკსი მთავარირა; 5 სმიტი კანკოვსკი ^ გატარება: 4 დიუპრე; 3 ბოთა; 2 ნდუნხანე მთავარირა დიუპლესი ბერგერი

დაჯარიმება: 2 დიუპრე სმიტი ბრიუსო ^ ბურთის კარგვა: 4 ნონუ; 3 კარტერი სპისი; 2 სივივატუ დიუპრე

ნავარდი (მეტრი: 81 როკოთოკო, 61 ნონუ, 46 სივივატუ, 45 მულიაინა, 43 დეფილიერსი, 34 კარტერი, 33 ჯეინი, 32 რიდი ... 0 ფ.სტეინი ნდუნხანე!

ღერძი (ფეხი/პასი/შეუტია: კარტერი 19/24/6, ქოუანი 3/53/3 - მ.სტეინი 7/5/4, დიუპრე 14/15/3

ხაზი (პ/შ: მულიაინა 4/11, სივივატუ 4/9, ნონუ 8/6, დონალდი 1/6, როკოთოკო 0/6, ჯეინი 0/5, ტოიავა 4/3 - ჰაბანა 1/4, დეფილიერსი 2/3, ფური 0/1

მარბიელები (პ/შ: ჰორი 5/9, ვუდქოქი 3/7, რიდი 4/6, მაკქოუ 5/3 - სპისი 3/7, სმიტი 2/4, ბერგერი 1/3, დიუპლესი 3/2

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია$

ლენდი

22:16

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

28:19

3  1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 31:19
4  8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 29:17

5

22/08

ავსტრალია$ - ზელანდია

სიდნეი

18:19

6 29/08 ავსტრალია$ - აფრიკა$ პერთი 25:32
7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 21:  6

8

12/09

ზელანდია$ - აფრიკა

ჰემილონი

29:32

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

აფრიკა

21 +28 158:130 3-0 2-1 10/11 1

ზელანდია

9 -17 108:125 1-1 1-2 6/6 1

ავსტრალია

7 -11 97:108 1-2 0-2 8/7 3

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგონი 11.35

<<< >>>