მესამედაც ჩამოვლენ

   ჩემპიონი ახალი გვეყოლება: შაბათს, ავჭალაში, ელიტაში წლეულს დაბრუნებულმა ბათუმმა რომ ძლია შარშანდელი ჯილა და XXI საუკუნეში 6-ჯერ ნაპირველები ლოკომოტივი, მეტოქე ბრინჯაოს დააჯერა, თავად კი გავიდა დამდეგ შაბათს, ხუთის ნახევარზე, ვაკეში დანიშნულ დიდ ფინალში, სადაც პრემიერს, წრიული სტადიის გამარჯვებულ ლელოს შეხვდება.

ავსტრალიური პლეი-ოფის პრინციპის თანახმად, რაღაი ლელომ პირველმა დააფინიშა, ლოკომოტივის შესარჩევ ფინალში ძლევით პირდაპირ გავიდა დიდში და შეისვენა, ხოლო რკინიგზას მეორე შანსიც მიეცა. ლიდერთაგან განსხვავებით, მეოთხე ადგილზე დარჩენილ ბათუმს საჩემპიონოდ სამი მეტოქის ძლევა მართებდა და თანაც სულ სტუმრად. ჰოდა, გუნდმა ორი წინაღობა უკვე დაძლია და დედაქალაქში მესამედაც ჩამოვა.

ბათუმს ლოკომოტივის ჭარმაგი გურუს, თემურ ბენდიაშვილის ნამოწაფარი ლევან მგელაძე წურთნის. მოძღვარი და შეგირდი ძველებურად მეგობრობენ, რასაც ფოტოც ადასტურებს, მოედანზე კი გუნდებს თავდაუზოგავად აბურთავებენ. ქართული რაგბიც უცხოურის ალი-კვალი რომაა, ავჭალაში ჭიდილ-უხვი და ლელო-მწირი სეირი იხილა პუბლიკამ, რომელიც ისევ ააფერადა აჭარელ ფანთა რაზმმა.

პლეი-ოფის მესამე მატჩს მესამე ფრანგი მსაჯობდა. გავიდა ცხრა ჯარიმა. ლოკოს აკლდა დირიჟორი ბობა კვინიხიძე. ჩემპიონი ერთი ხანობა 9 ქულითაც იგებდა. მერე ბათუმმა თამაში გააფრევა, მაგრამ ბექა წიკლაურმა კიდევ დააწინაურა მასპინძლები. და მაინც, ბოლო წუთებზე, მორიგი ძალური შტურმით, ბათუმის 36 წლის ჰავბეკმა, რუსეთ-მოვლილმა ქუთათურმა ზურაბ კიკაჩეიშვილმა შეიტანა ლელო და ყოჩების დათხოვნის შემდეგ, აჭარამ მეორე ფავორიტიც შეიწირა.

>>>    საქართველოს პირველობა

<<    წინასწარი ფინალი

ლოკომოტივი 15:17 ბათუმი

ლოკომოტივი (2) გოგია ტუჩაშვილი გ.კობერიძე ქავთარაძე (გუგავა) ჟამუტაშვილი (10-9) ბ.წიკლაური ღვინჯილია / პეტრიაშვილი (ელოშვილი) გენებაშვილი ნაცარაშვილი; ოზგებიშვილი (გუჯარაიძე) ჩიტიძე; ნიშნიანიძე ბერიშვილი ზ.მაისურაძე - 5ჯ: წიკლაური

ბათუმი XV (4) ბ.ევგენიძე სვინტრაძე (ოქროპირიძე) აშვეთია ხონელიძე ცისკარიშვილი (10-9) ნინიძე კიკაჩეიშვილი / ღლონტი (დუმბაძე) აბესლამიძე მოქია (დიაკონიძე) კუნჭულია (შენგელია) ბერიძე; გუგუშვილი თხილაიშვილი სირბილაძე - ლ: კიკაჩეიშვილი; 4ჯ: ნინიძე

რეფ ბონური (სფრ)

3/10    სინათლე * 9:3 / 12:3 12:12 15:12 15:17 ^ ლოკომოტივს ბრინჯაო!

<<    დიდი ფინალი

ლელო - ბათუმი

შაბ 10/10    ვაკე    16.30 ^ რეფ რაინალი (სფრ)

მოგებულს ოქრო და ბზის თასი, წაგებულს ვერცხლი!

<<< >>>