"ლელომ" გოლებით იჩემპიონა

   ვაკეში, შინაური "ბზის თასის" დიდ ფინალში, "ლელომ" ულელოო რკენაში მაინც დამაჯერებლად, გოლებით ძლია "ბათუმი" და ხუთი წლის შემდეგ ისევ, მეორედ იჩემპიონა.

"ლელო" "სპარტაკის" ჩამომავალია და ბარემ 40 წელია, ბორჯღალოსანთა თაობების გამზრდელი ბათუ კევლიშვილი თავკაცობს, დამოუკიდებელი საქართველოს ხანაში კი მთავარ გუნდს ლევან მაისაშვილი წურთნის. "ლელომ" წლევანდელ პირველობაზე 16 მატჩი გამართა, ყველა მოიგო და სტაბილურად კოხტა რაგბი უჩვენა პუბლიკას, რომელიც გადამწყვეტ მატჩზე ბლომად მოვიდა.

პლეი-ოფში მსაჯობდა მორიგი, მეოთხე ფრანგი, ვინც გალური გაგებიდან გამომდინარე, შემტევს უფრო ხალისით აჯარიმებდა, ვიდრე დამცველს. აჭარელთა უდაო ლიდერმა, მამუკა ნინიძემ მე-2 წუთზევე 40 მეტრიდან სცადა არეკნი, ათ წუთში კი ახლოდან შეაგდო ჯარიმა. ლელომ უმალ გაშალა თამაში და ირაკლი ყიასაშვილმა ანგარიში ჯარიმითვე გაათანაბრა.

გაგორება და ალყა

3:3-ზე, 6 წუთის შუალედით, მოკლე ფრთაზე გაიჭრნენ გიორგი კაჭარავა და ყიასაშვილი; ბათუმმა ერთხელ სოსო ცისკარიშვილამდე ჩაათამაშა ბურთი; 29-ე წუთზე კი, პინგ-პონგის შემდეგ, ლელო საკუთარ 22-დან ამჩატდა და კინაღამ დაისაჯა. ორ წუთში გიგა კორკელიამ მოაწყო ძალური სოლო; ჯარიმის მომდევნო დერეფნიდან ლელო მოლით გადავიდა ხაზს იქეთ, მაგრამ ვერ დაამიწა და ყიასაშვილი ახლოდან სამი ქულის მითვლას დაჯერდა " 6:3

მალე მწვავედ შეუტია გიორგი სვინტრაძემ, მაგრამ ლაშა ხმალაძემ აართვა გადაკიდებული. ნინიძემ 45 მეტრიდან ააცილა არეკნი, ზედ შესვენების წინ კი 35 მეტრიდან მას შემდეგ ვერ გააფრევა ტაიმი, რაც რობერტ აბესლამიძემ ბევრი იარა. მეორე ტაიმის დასაწყისში ბათუმს ყვითლით გაუძევეს გელა სირბილაძე, მაგრამ ლელო სამ ქულას გამორჩა და მეტოქეს საათის თავზეღა მიეძალა.

ალყა მოყვა გაგორებას, რომელზეც თბილისელებმა უფრო იფეხმარდეს. ფავორიტს 5-მეტრა ნიშნულზე ზედიზედ ერგო სამი ჯარიმა, მაგრამ ერთხელ გაათამაშა, ორჯერ კიდეზე დაარტყა და ბოლოს მინდია ღლონტმა იქეთ შეუტია თერნოვერიდან. ასეთი შანსის გაფლანგვის შემდეგ ყიასაშვილმა 45 მეტრიდან კიდევ დაარტყა არეკნი, ანგარიში კი 12:3 გახადა 30 მეტრიდან გატანილი ჯარიმით, რის შემდეგაც შუქიც აინთო.

ეკლესიის მიდამოში

ბათუმს მატჩის ხსნის შანსი ნომინალურ ბოლომდე ორი წუთით ადრე მიეცა, როცა ნინიძემ 35 მეტრიდან ივარგა, მაგრამ კიკოფის მიღების კვალად თავადვე რისკიანად შეუტია, ზედახორაში დაჯარიმდა და ყიასაშვილმა 9-ქულიანი სტატუს-ქვო აღადგინა. გოლმა ამდენი დაცვით გათანგული სტუმრები საბოლოოდ გატეხა, ლელომ კი კიდევ აგორა მოლები და ორჯერ მიუახლოვდა მარცხენა ალამს, მაგრამ ქომაგები ლელოთი მაინც ვერ გაახარა.

ფინალით ქართული რაგბის ნახევარ-საუკუნოვანი იუბილე დაიწყო. ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს, 50 წელი სრულდება მას აქეთ, რაც ფრანგი თერძის, ჟაკ ასპეკიანის მეთაურობით, ნოდარ ყიფიანის თაობის პოლიტექნიკოსებმა საბურთალოს იპოდრომზე, ახლანდელი ეკლესიის მიდამოში პირველი ვარჯიში გამართეს. ჭაბუკთა ლიგებშიც პლეი-ოფია; ნოემბერში, თასის ბოლო სამ მატჩამდე, "ა" ნაკრები მიიღებს პოლონეთსა და უკრაინას, "ბორჯღალოსნები" კი არგენტინის დუბლ "იაგუარებს" ეროვნულზე ეტესტებიან.

>>>     საქართველოს პირველობა   

>>    შინაური კვარცხლბეკი [1990-2009] 

<<    დიდი ფინალი "ბზის თასზე"

ლელო 15:6 ბათუმი

ლელო (1) ყიასაშვილი უ.მჭედლიშვილი კორკელია სბ 80+7, ლომინაძე თოდუა (10-9) ხმალაძე გ.კაჭარავა / მირცხულავა ჭყონია (სანიკიძე 76) სუჯაშვილი; აზალაძე (მძინარიშვილი 76) დ.დაუშვილი; ი.მაისურაძე კაპ, კოლელიშვილი იორდანიშვილი (ჯალაღონია 48) - 5ჯ: ყიასაშვილი

ბათუმი XV (4) სვინტრაძე ბ.ევგენიძე თ.აშვეთია ხონელიძე ცისკარიშვილი (10-9) ნინიძე კაპ, კიკაჩეიშვილი / ღლონტი (დუმბაძე 69) აბესლამიძე მოქია (დიაკონიძე 69) კუნჭულია (შენგელია 69) ბერიძე; თხილაიშვილი გუგუშვილი სირბილაძე სბ 49 - 2ჯ: ნინიძე

რეფ რაინალი (სფრ) კიდ: ჯავახიშვილი რობიტაშვილი; კომ მიქაბერიძე * 10/10 ვაკე (4 ათასი)

0:3(13) 3:3(15) 6:3(34) /
სბ
(49ბ) 9:3(52) 12:3(72) შუქი(73) 12:6(78) 15:6(80+1) სბ(80+7ლ)

<<    უმაღლესი ლიგა

1 ლელო, 2 ბათუმი, 3 ლოკომოტივი, 4 ვისოლი ყოჩები, 5 აია ქუთაისი, 6 აკადემია, 7 ხარები რუსთავი, 8 უნივერსიტეტი (გავარდა ) - 9 არმაზი (შემოვიდა, 10 ხულიგანა ... 16 ოზურგეთი

<<    დარჩენა-ასვლაზე

11/10    ხულიგანა  19:20  რუსთავი
18
/10    რუსთავი  [16.00]  ხულიგანა

<<< >>>