ზედიზედ მეშვიდედაც

   სამხრეთელთა ჩრდილოური ტურნეების სტარტზე, ტოკიოს თითქმის სავსე ოლიმპიურ სტადიონზე, ზელანდიამ წლეულს მეოთხედაც ძლია ავსტრალია, ვინც ბრიტანეთში ოთხივე მასპინძლის ჯობნას მაინც გეგმავს, რათა 25 წლის შემდეგ ისევ შეასრულოს სლემი.

ზელანდიამ გარდამავალი "ბლედისლოუს თასი" მეშვიდე წლით ჯერ კიდევ აგვისტოში დაიბევა, შარშანდლის ჩათვლით მეზობელი ზედიზედ მეშვიდედვე ძლია და 47 წლის შემდეგ სერია ისევ მოუგო 4-0.

"ვოლაბიზი" თავიდან ტრადიციულად დაწინაურდა, მაგრამ რაჟამს მეტოქემ დაჯაბნა, თამაშის გარდასატეხად ისევ ვერ ეყო უნარი, ბოლო მეოთხედში კი "ოლ ბლექსმა" ნაცნობ ყაიდაზე უმატა და სხვაობა ბარაქიანი გახადა.

ბობოლები მზარდ აზიურ ბაზარზე წლეულს მეორედ გავიდნენ. "ბლედისლოუ" რიჩი მაკქოუს გადასცა თვით იოშირო მორმა, ვინც ქვეყნის ყოფილი პრემიერი, აწ კი რაგბის თავკაცია. გუნდებს ფანობაც საკმაოდ დაემგზავრა, ზეპური სეირის თვალდათვალ მჭვრეტი მასპინძლები კი ისე დუმდნენ, იფიქრებდი, ოპერაში არიანო.

რეფს რომ მოწყინდა

ზელანდიამ პირველი ლელო შუა პირველ ტაიმში, 3:6-ზე გაიტანა: ფაზურ ბურთაობაში ოზებმა დენ კარტერი კი დასცეს ბეჭებზე, მაგრამ იერიში გაგრძელდა; ჯიმი ქოუანმა შორს მიაწოდა მაკქოუს, ამან პასი შეუქცია თომ დონელს, ვინც მალილი მულიაინა ჩართო შეტევაში; ბოლოს კი იმავე მაკქოუმ სიტივენი სივივატუ ახლოდან დაგეზა.

13:9-ზე სივივატუმ ამხტარი ადამ ეშლი-კუპერი ჩამოაგდო და სინბინში წაბრძანდა. ოზებმა მეტობა გამოიყენეს: ვილ გენიას გრძელი პასით ორი მბოჭავის მიერ გადათელილმა პიტერ ჰაინსმა ალამთან მაინც დადო ბურთი, აფრიკელ რეფს კი მოწყინდა იაპონელ ტელი-რეფთან კიდის მსაჯის თარჯიმნობით საუბარი და ჩათვალა.

იქვე ვაიკლიფ პალუმ 5-მეტრა შერკინებიდან მოიშორა მაკქოუ, მაგრამ ქოუანი ჩაუწვა და არ დაადებინა. სასჯელ-მოხდილმა სივივატუმ 60 მეტრიდან ალამთან გაახერხა დერეფანი, მოგერიებულის გამოქცუნებისას კი ქორი ჯეინმა ყოვნით გაატანა ბურთი კონრად სმითს, ვინც ჯეიმზ ოქონორს გაუსხლტა და "ოლ ბლექსი" მეორედ დააწინაურა 20:16

ბოლოს საათიც აირია

ოზები გამწარდნენ. ეშლი-კუპერი წითელ ზოლშიღა გააჩერეს. დერეფნიდან პალუ კარამდე მივიდა, მაგრამ მა ნონუმ გააგდებინა ოვალი. საათის თავზე, მოედნის იქეთა ბოლოში, დევიდ ფოქოქმა შებოჭა სივავატუ, ქიარან რიდს კი მაკქოუს ოფლოუდი გაუვარდა. და მაინც, კივებმა 5-მეტრა შერკინებაში ჯარიმა დაიმსახურეს და კარტერმა ფორა შვიდამდე გაზარდა 23:16

ლელო მეტი აღარ გასულა. ოზებს ვერაფერი არგო შეცვლაზე შესულმა ჯორჯ სმითმაც, კივთა კიკერმა კი მოლის ჩაქცევისთვის დანიშნული ჯარიმის გატანით გამარჯვება დაუბევა გუნდს. ბოლოსკენ საათი აირია: სირენა ზელანდიის ტელევიზიის ჩვენებით, 81.45-ზეღა გაისმა. ავსტრალიამ ჯარიმა კარში არ დაარტყა და პრესტიჟის ლელოს შეტანა სცადა, რაც ჩხუბით დასრულდა.

ინციდენტი ტრიბუნალმა განიხილა და სივავატუს დარად, თონი ვუდქოქსაც ერთი კვირით მისცა დისკვალიფიკაცია სმითისთვის სისხლის დადინების გამო. ევროპაში ზელანდიის პირველი მეტოქე უელსია, ვისაც კივებთან 1953 აქეთ ვერ მოუგია, ავსტრალია კი ბრიტანეთის შემოვლას ინგლისით იწყებს.

>>>    აზიური ბლედისლოუ

ავსტრალია 19:32 ზელანდია

ავს: ოქონორი ჰაინსი ქროსი ეშლი-კუპერი აიონი (10-9) გიტო გენია / რობინსონი მური (პოლოტა-ნაუ 50) ელიგზანდერი; ჰორვილი ჩიზომი (მამი 50; ელსომი კაპ, ფოქოქი პალუ (ჯ.სმითი 56) - ლ: ჰაინსი; გ 4ჯ: გიტო

ზელ: მულიაინა ჯეინი კ.სმითი ნონუ სივივატუ სბ 33 (10-9) კარტერი (დონალდი 79) ქოუანი / ვუდქოქი ჰორი ტიალატა (აფოა 47; სორნი დონელი (ითონი 65-80+; თომსონი მაკქოუ კაპ, სოიალო (რიდი 55) - 2ლ: სივივატუ სმითი; 2გ 6ჯ: კარტერი

რეფ ლორენსი (აფრ) ტოკიო, ოლიმპიური (44 ათასი)

3:0(6) 6:0(12) 6:3(15) 6:10(22) 9:10(29) 9:13(32) სბ(33ზ) 16:13(36) /
16:20(46) 16:23(62) 16:26(69) 19:26(72) 19:29(74) 19:32(78) ბოლო (80+3)

<<    ევროპაში

შაბ 7/11 ინგლისი - ავსტრალია 18.30, უელსი - ზელანდია 21.15 საქ

<<< >>>