ბრიტები გააბურთავეს

   ჩრდილოური ტესტების სტარტზე "სამ ერში" ხელმოცარულმა ავსტრალიამ გააბურთავა ბერწი ინგლისი, ზელანდიამ კი წკიპზე აჯობა უელსს, ვინც აფრიკელმა მსაჯმაც გაწირა.

ჯონი ვილქინსონს შემოდგომის ტესტი ბოლოჯერ 2002 წელს ეთამაშა და პომებში ამჯერადაც საუკეთესო იყო, მაგრამ რად გინდა? ბოლოს-წინა მსოფლიო თასის გმირმა არეკნით გახსნა ანგარიში, ჯარიმაც შეაგდო, მერე 50 მეტრიდან ძელს გაარტყა და ტაიმის ბოლოს გუნდიც ორჯერ იხსნა აგრესიული ბოჭვით, მაგრამ ვოლაბებმა თანდათან ააწყვეს ბურთაობა და უშანსოდ ძლიეს ბრიტები.

სტუმრებს საწყის ნახევარ საათში სულ ორჯერ ჰქონდათ ბურთი, მაგრამ ლელო კი გაიტანეს: მეტ გიტოს, სთივენ მურის, ადამ ეშლი-კუპერისა და ჯეიმზ ჰორვილის რეიდთა შემდეგ პაპუასი 9 ნომერი ვილ გენია წითელ ზოლში რაქის გვერდით გაძვრა. მესამე მეოთხედში, დაცვის გაწელვის კვალად, ჯერ როქი ელსომი ვერ მიწვდა ლელოს, მერე კი დიგბი აიონს დამიწებისას წინ დაუვარდა ოვალი.

გამართულნი შეხვდნენ

აქ კივი რეფი ყარაჩოხლურად მოიქცა და მეზობლებს შერკინებაში ფრიად სათუო ჯარიმა უბოძა, რითაც ავსტრალია დაწინაურდა. "ვილკომ" გადაიკიდა და აიღო, მაგრამ სხვებმა ვერ აუბეს მხარი, ბოლომდე ათიოდე წუთით ადრე კი, დერეფნის შემდეგ ბეკებით შეტევისას, ეშლი-კუპერმა 15 მეტრზე ათრია გამართულად დამხვდურნი, მარკ კვეიტო და უგო მონიე, და ალამთან დაალელოვა.

ინგლისი ზრდილობისთვისღა აბურთავდა ფაზურად და არაფერი გამოუვიდა. ასე რომ, "ვოლაბიზმა" მოგებით გახსნა ტურნე, რომელზეც 25 წლის წინდელი "ბრიტანული სლემის" გამეორებას აპირებს, ხოლო საუკეთესოდ ჯორჯ გრეგანის ალი-კვალი, გენია ცნეს.

მარწუხი მოუჭირეს

"მილენიუმს" ხუფი ეფარა და მოედანიც ისევ გადაეთხარა. უელსი ხელდახელ ფაფხურობდა, ზელანდია კი საწყის მეოთხედში ფეხბურთს თამაშობდა. შესვენებამდე დენ კარტერმა და სთივენ ჯოუნზმა ორ-ორი ჯარიმა შეაგდეს, ინგლისელმა ტელი-რეფმა კი "ოლ ბლექსის" ჰავბეკ ბრენდან ლეონარდს კონტაქტში შეტანილი ლელო ვერ დაუმტკიცა.

მეორე ტაიმში კივებმა მეტოქეს მარწუხი ისე მოუჭირეს, რომ უელსმა პირველად 12 წუთის შემდეგღა შეუტია. ბოლო ნახევარი საათის წინ 9 ნომრად შევიდა ჯიმი ქოუანი და თამაში დაალაგა. მისგან დაგეზილებმა - ვაიეთ ქროქეთმა, ზეკ გილდფორდმა და ენდრიუ ჰორმა ათი მეტრი იჭიდავეს, რასაც მატჩის ერთადერთი ლელო მოყვა, საათის თავზე კი უელსი ორჯერ გადარჩა: ჯერ კონრად სმითს ჩაუწვა შეინ ვილიამსი, მერე კი ქიარან რიდმა ზედახორაში სუფთად ვერ დაამიწა.

ზედიზედ 21-ედ!

მა ნონუმ მეტობა კი გაფლანგა, მაგრამ კივებს ხეირზე ჯარიმა ერგოთ და დენ კარტერმა 13 ქულამდე აიყვანა ფორა. უმალ მეორედ დაჯარიმდა კაპიტანი რიჩი მაკქოუ და ჯოუნზმა შორიდან დაკრა. მერე შეინმა მოაწყო საფირმო გარღვევა და კარტერმა მარტინ რობერთსი მკლავის კისერში მირტყმითღა გააჩერა, მაგრამ თემიდამ თავი დაიბრმავა და სინბინს ვინ ჩივის, უელსს ჯარიმაც კი არ უბოძა.

კარტერი ნამატჩევს ტრიბუნალზე დაიბარეს. უელსი ფრეს გამორჩებოდა, 77-ე წუთზე ქოუანის პასის ჩამჭრელ ალუნ-ვინ ჯოუნზს ბურთი ფეხით რომ დაეგორებინა, მაგრამ გაქანებულმა მეორე-ხაზელმა, იგრძნო რა, რომ ეწეოდნენ, პასი სცადა და გილდფორდს ხელებში გაარტყა. ტაფიებს ბოლოსწინა წუთზე 5-მეტრა დერეფანიც მიეცათ, მაგრამ წააგეს, რის გამოც ბოლო 56 წელში ზედიზედ 21-ედ (!) დამარცხდნენ ზელანდიასთან.

>>>    ჩრდილოეთის ტესტები

პირველი ვიქენდი

<<    ინგლისი 9:18 ავსტრალია

ინგ: მონიე კვეიტო ჰიპქისი (ერინლე 67) გერათი ბანაჰანი <10-9> ვილქინსონი ქეა (პ.ჰოჯსონი 64) / პეინი თომფსონი (ჰართლი 57) ვილსონი (ბელი 58) დიქონი (ლოზი 69) ბორსვიქი კაპ; კროფთი მუდი ქრეინი (ჰესქელი 54) - 2ჯ ა: ვილქინსონი

ავს: ეშლი-კუპერი ჰაინსი აიონი (ქროსი 67) ქ.კუპერი მიჩელი <10-9> გიტო გენია / რობინსონი მური (პოლოტა-ნაუ 61) ელიგზანდერი (დანინგი 77; ჰორვილი ჩიზომი (მამი 74; ელსომი კაპ, ჯ.სმითი პალუ (ფოქოქი 69) - 2ლ: გენია ეშლი-კუპერი; გ 2ჯ: გიტო

რეფ ბ.ლორენსი (ზელ) 7/11 ლონდონი, თვიქნემი (82 020)

3:0(3ა) 6:0(10) 6:5(21) 9:5(27) / 9:8(46) 9:11(60) 9:18(73)

ფეხით 47-36, პასი 148-121, გაქცევა 91-102, გაჭრა 3-3, რაქი 86-74, აცლა 10-10, ბოჭვა 103-119, გატარება 14-11, დაჯარიმება 6-11

გამეორებით გლობალზე: სამ 23.00, ოთხ 19.00, ხუთ 13.30, პარ 18.30

<<    უელსი 12:19 ზელანდია

უელ: ჰუქი ჰაფ-პენი შენკლინი ჯ.რობერთსი შ.ვილიამსი <10-9> სთ.ჯოუნზი კუპერი (მ.რობერთსი 56) / ჯენქინსი რისი (ბენეთი 61) ჯეიმზი (დკ.ჯოუნზი 61; ავ.ჯოუნზი ჩარტერისი (დევისი 66; პაუელი (დფ.ჯოუნზი 66) მ.ვილიამსი რ.ჯოუნზი კაპ - 4ჯ: სთ.ჯოუნზი

ზელ: მულიაინა ჯეინი კ.სმითი ნონუ გილდფორდი <10-9> კარტერი ლეონარდი (ქოუანი 51) / ქროქეთი (ფრენქსი 61) ჰორი ტიალატა; სორნი ითონი (დონელი 56; კაინო მაკქოუ კაპ, რიდი (თომსონი 66) - ლ: ჰორი; გ 4ჯ: კარტერი

რეფ იუბერი (აფრ) 7/11 კარდიფი, მილენიუმი (74 330)

0:3(13) 3:3(18) 3:6(21) 6:6(35) / 6:9(44) 6:16(57) 6:19(65) 9:19(67) 12:19(75)

ფეხით 44-45, პასი 101-109, გაქცევა 73-87, გაჭრა 3-6, რაქი 62-68, აცლა 16-18, ბოჭვა 91-90, გატარება 18-8, დაჯარიმება 11-14

გამეორებით გლობალზე: სამ 24.40, ხუთ 02.30

<<    მეორე ვიქენდი

პარ 13/11 უელსი - სამოა 23.30, საფრანგეთი - აფრიკა 23.45

შაბ 14/11 იტალია - ზელანდია 18.00, ინგლისი - არგენტინა 18.30, შოტლანდია - ფიჯი 18.30

კვი 15/11 ირლანდია - ავსტრალია 19.00 საქ

<<< >>>