გავიცნოთ "იაგუარები"

   რაგბის თემი დიდი რკენის მოლოდინით სულდგმულობს: რვა წლის შემდეგ, როგორც იქნა, ისევ ვეღირსეთ შორებელსა და ძლიერ სტუმარს - არგენტინის "პუმათა" დუბლს, რომელსაც "იაგუარები" ჰქვია. ამათ "ბორჯღალოსნები" შაბათს, ეროვნულზე, ხუთის 15 წუთიდან შეებმებიან ქართული რაგბის 50 წლის თავის პროგრამით, რის გამოც სტადიონზე შესვლა მუქთი იქნება.

მოყირჭდა საქართველოს ამდენი "ერთა თასი" და მასზე ერთსა და იმავე მეტოქეებთან ჭიდილი: ათ სეზონში პირველ ადგილზე 5-ჯერ დავაფინიშეთ, სამჯერ ოფიციალურად ვიჩემპიონეთ და მოწინავე სამეულს მიღმა ერთხელაც არ დავრჩენილვართ; თან 11-ჯერ ვძლიეთ რუსეთი, 8-ჯერ ჩეხეთი, 7-ჯერ პორტუგალია, 6-ჯერ ესპანეთი და 5-ჯერ რუმინეთი. მოკლედ, ვტრიალებთ ჩვენს ორბიტაზე და სხვა გალაქტიკებთან კონტაქტი გვენატრება.

ახლა ვგონებთ, გვეშველა. იაგუარები, პუმათა დარად, ევროპაში მართავენ ტურნეს და პირველი გაჩერება კავკასიაში აქვთ. მათ რაზმში 28 მობურთალია. გულზე ხელს თუ დავიდებთ, მათგან მხოლოდ მიგელ ავრამოვიჩი გაგვიგია, მაგრამ არგენტინული რაგბის დონიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ პირველი ნაკრების მარქაფა სუსტი იყოს. ჰოდა, შაბათს გამოჩნდება, საფრანგეთის მეორე დივიზიონი უფრო მაგარია თუ ბუენოს-აირესის პირველობა.

კონკურენციას გრძნობენ

ბორჯღალოსნებმა ივნისში "ჩერჩილის თასზე" გული გვატკინეს. მართალია, გვაკლდა ბევრი ლიდერი, მაგრამ გუნდს გაუწაფაობისა და უგეგმობის გარდა უჯიგრობაც ეტყობოდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ახლა სულ სხვაგვარად იქნება საქმე, რაღაი თიმ ლეინს საუკეთესო რაზმი შეუკრიბა კავშირმა; ბიჭებს მოვლენის მნიშვნელობა გააზრებული აქვთ და "ა" ნაკრების მზარდი წევრებისგანაც გრძნობენ კონკურენციას.

იაგუარებმა წლეულს უკვე გამართეს ათი მატჩი და ცხრა მოიგეს. ნაკრებში სამი ფრაქციაა: დედა ქალაქელების, პროვინციელებისა და ლეგიონერთა. პირველნი, როგორც წესი, კარგი ოჯახის შვილები არიან, მეორენი კი უფრო ჯანიანნი და მონდომებულნი. თუ ვიკიპედიას დაეჯერება, რაგბი ტუკუმანში ფეხბურთზე მასობრივიც კია და იქ მაგარი მორკინალები იზრდებიან, უახლესი მონაცემებით კი ქვეყანაში 91,459 ლიცენზირებული მოთამაშეა.

დედაქალაქი - პროვინცია

არგენტინაში რაგბი ბრიტებმა ილია ჭავჭავაძის ხანაში, 1873 წელს შეიტანეს. ორი ადგილობრივი გუნდის პირველი თამაში 1886 წელს მოეწყო, 1899 წელს კი შეიქმნა "მდინარის დაბლობის" (რივერ პლეიტ) კავშირი, რაიც მერე სრულიად არგენტინისად გადაიქცა. ქვეყანაში თუმც ტარდება 16-გუნდა, პულებიანი საკლუბო პირველობა, მთავარი შეჯიბრი მაინც დედაქალაქის ჩემპიონატია, რაღაი "დიდ ბუენოს-აირესში" 80-ზე მეტი კლუბია.

ტურნირი 33-ჯერ მოუგია "ატლეტიკო სან ისიდროს" (კასი) და 23-ჯერ "სან ისიდროს" (სიკ. ეს გუნდები ერთი კერის განაყოფები არიან, პროვინციებიდან კი სხვებზე ძლიერებად ზემოთ ხსენებული ტუკუმანი, როსარიო, კორდოვა და კუიო ითვლებიან. ორ ჯგუფად იმართება რეგიონთა ჩემპიონატიც, ამის წინამორბედი კი, 1945-60 წლებში იყო მატჩი, რომელშიც დედაქალაქი პროვინციას ეჯიბრებოდა.

ეგებ მართლა მიგიღოთო

ირბ-ის სათვალავით, არგენტინა პირველი დონის ქვეყანაა, მაგრამ რაგბული უკუღმართობის გამო, აქამდე ვერ მონაწილეობს ელიტის წლიურ შეჯიბრებებში, ექვსსა და სამ ერში, თუმცკი სამხრეთი პირდება, თუ ფინანსურ პირობებს დააკმაყოფილებთ და საუკეთესო გუნდსაც შეკრებთ, 2012 წლიდან ეგებ მართლა გაგრიოთ მარაქაში და თქვენი ამატებით "ოთხ ერად" გარდავიქმნეთო.

არგენტინა ბრიტებს 1910 წლიდან ერაგბება, ფრანგებს 1949 წლიდან, სამხრეთ აფრიკას კი პირველად 1965 წელს ეწვია. "პუმები" მონაწილეობდნენ ექვსივე მსოფლიო თასში: პირველ ხუთში მეოთხედფინალში სულ ერთხელ გავიდნენ, შარშანწინ კი ორჯერ ძლიეს მასპინძელი საფრანგეთი და მესამე ადგილი დაიკავეს.

გუნდი განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ევროპული პროფ-ლეგიონი დაღვინდა, ხოლო თუ ცნობილ მოთამაშეებზე ჩამოვარდება საუბარი, ძველთაგან უგო პორტა უნდა გავიხსენოთ, ახლებიდან კი აგუსტინ პიჩოტი და "ჯადოქარი" ხუან-მარტინ ერნანდესი.

>>>    საქართველო - არგენტინა ``

<<    ბორჯღალოსნები

ბეკ) 15 მერაბ კვირიკაშვილი; 14-11 მალხაზ ურჯუკაშვილი, თედო ზიბზიბაძე, დავით კაჭარავა, ირაკლი მაჩხანელი, სანდრო თოდუა, რეზო გიგაური; 10 ლაშა მალაღურაძე; 9 ირაკლი აბუსერიძე, ბიძინა სამხარაძე /

ფორ) 1-3 დავით ხინჩაგიშვილი, აქვსენტ გიორგაძე, დავით ქუბრიაშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი, გოდერძი შველიძე; 4-5 ილია ზედგინიძე, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ნემსაძე; 6-8 გიორგი ჩხაიძე, გია ლაბაძე, მამუკა გორგოძე, რატი ურუშაძე

მწ) თიმ ლეინი, ჯონი ნგაუამო

<<    ხაგუარესი (იაგუარები)

28 კაცი: 13 დედაქალაქელი, 10 პროვინციელი, 5 ლეგიონერი ^ მწ) ხოსე ორენგო, რაულ პერესი

სვლაგეზი: 14/11 საქართველო, 21/11 პორტუგალია, 27/11 ირლანდია ''

წლეულს:

/05-06
შინ * ნამიბია 62:7 19:7
სამხ.ამერიკის პირველობა (ურუგვაი * ჩილე 89:6, ურუგვაი 33:9
ჩერჩილის თასი (შტატები * ინგლისი '' 20:28, შტატები 35:14, კანადა 44:29

/10
ჩრდილოეთ* შტატები '' 57:10, ბრითიშ ქოლამბია (კან) 35:11, კანადა '' 42:16

<<< >>>