თეატრისგან განსხვავებით

   კვირას თასის ფინალით სრულდება რაგბის საშინაო სეზონი: ქვეყნის ახალი ჩემპიონი "ლელო" ვაკეში, დღის ორზე, ეთამაშება ექს-ჯილა "ლოკომოტივს, ვინც წლეულს სამივე შეყრაზე უძლევია.

თასს იმ თემში აქვს მუღამი, ბარემ ათ დონეზე ათასი გუნდი რომ რაგბობს და ბოგანოებს ბობოლებთან გაჯიბრების რომანტიულ შანსს აძლევს, თორემ ჩვენებრ კლუბ-მცირე ქვეყანაში ხიბლი ძაან აკლია და ფაქტობრივად ჩემპიონატის დანამატი გამოდის.

ეს მოსაზრება თითიდან გამოწოვილი რომ არაა, წლევანდელი მაგალითიც ამტკიცებს: 16 პოტენციური მონაწილიდან ხუთმა პირველ წრეშივე უარი თქვა თამაშზე, სეზონის ფინიშზე კი ერთ ნახევარფინალურ წყვილში საპასუხო მატჩი აღარც გამართულა.

და მაინც, თასი ჯილდოა და სეზონის დასაგრძელებლად ვარგა, 2002-06 წლებში კი ჩვენში ზაფხულის ჩემპიონატის მაგივრობასაც წევდა. რაც გარდამავალ პერიოდში ჩასახულ-მივიწყებული ტრადიცია ახალ საუკუნეში აღდგა, ჯილდო 5-ჯერ შემართა ლოკომოტივმა და ვაკეც მეხუთედ უმასპინძლებს ფინალს.

ფავორიტი ლელოა. გუნდმა ჩემპიონატში 16-ვე თამაში მოიგო და თასზეც სამივე. კლუბი თასისვე შარშანდელი მფლობელია და საჩემპიონო "ბზის თასის" გარდა, გარდამავალი სინიც უპყრია.

ამ ფონზე ლოკოს წლევანდელი ბალანსია 12-6*1, მაგრამ თეატრისგან განსხვავებით, სპორტის ეშხი ეგაა, რომ მოსეირემ სანახაობის ფინალი არ იცის ხოლმე.

>>>    თასის ფინალი

ლელო - ლოკომოტივი

კვი 29/11    ვაკე 14.00

(წარდგენა: პარ 27/11    კავშირი 13.00)

<<    გზა ფინალისკენ

ლელო - ფოთი 71:3 (2/05 გ; ბათუმი 26:13 (18/07 გ; აია ქუთაისი 30:12 (28/08 ნ)

ლოკო - არმაზი 20:12 (17/07; აკადემია 17:10 (28/08 ნ, 27:12 (21/11)

<<    წლეულს, ჩემპიონატში

3-0 * 24:10 (28/07 სინათლე, 27:20 (19/09 შევარდენი, 33:14 (26/09 ვაკე)

<<    ამ საუკუნის ფინალები

2000 22/11 ავლაბარი ლოკომოტივი 32:28 დათვები
2001   5/11 ქუთაისი დათვები X:0 ლოკომოტივი
2002   9/06 ეროვნული დათვები 15:9 ლელო
2003 20/07 ვაკე ლოკომოტივი 32:30 დათვები
2004 24/07 ვაკე ლოკომოტივი 55:20 ყოჩები
2005   6/08 ვაკე ლოკომოტივი 24:9 ლელო
2006 25/07 შევარდენი ლოკომოტივი 29:10 ლელო
2007 27/10 ქუთაისი ყოჩები 13:6 ლიგამუსი
2008 13/12 ვაკე ლელო 28:9 აკადემია

<<< >>>