"გლობალური" მარათონი

   ჩრდილოური ტესტების ბოლო, მეოთხე ვიქენდზე, "გლობალის" მეშვეობით ოთხ-მატჩა ტელე-მარათონი გველის: ინგლისი უქმობს, მაგრამ კელტები და ფრანგები რომ ერკინებიან სამხრეთულ კვარტეტს, ირბ წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობასაც გაამხელს.

"შოუ-სპორტ სამზე" ზედიზედ, ოღონდაც 40-წუთა შუალედებით, სამი ცოცხალია, ხოლო მეოთხე მატჩისა ჩანაწერი გავა. ეგ სეირი, შოტლანდია - არგენტინა, ყველაზე უმუღამოც ჩანს, აი, მანამდე კი "ნახევარ-სფეროთა ჯახს" ვიხილავთ ექვსი და სამი ერის ჩემპიონთა, ირლანდიისა და აფრიკის შებმაში; გემრიელ ბურთაობას ველით "მილენიუმის" ჭერქვეშ, უელსი - ავსტრალიის შეხვედრაში და ალბათ უხისტეს ჭიდილს, საფრანგეთი - ზელანდიის რკენაში.

მსოფლიოს ჩემპიონმა აფრიკამ საფრანგეთში წააგო და იტალიაში მოიგო. ირლანდიასთან შებმის წინ ტრავმა რვა ქურციკს აწუხებდა, მაგრამ უმეტესობა მოკეთდა. ჰოდა, მარბიელად ითამაშებს სხალკ ბერგერი, ბურჯად ბისთ მთავარირა, კვაჭად - ბურჯად ხელ-მოცარული კაპიტანი ჯონ სმიტი და ვიკტორ მეტფილდიც განკარგავს დერეფანს.

რაზმი რომ გაიცხრილა, ირლანდიისვე "მანსთერში" მოღვაწე ჟან დეფილიერსი მარქაფაში დაიმატა გურუ პიტერმა, მორნე სტეინს კი საფიქრალს გაუჩენს ქარი, რომელიც ვეება "ქროუქ პარკზე" ძალუმად დაუბერავს. ირლანდიას აფრიკა აწ უკვე დანგრეულ "ლენზდაუნ როუდზე" ბოლო ორ მიღებაზე უძლევია, 17:12 (2004) და 32:15 (2006, მატჩს კი ინტრიგას ის მატებს, რომ ბებერი 10 ნომერი რონან ოგარა რეზერვში გადაუსვამს მწურთნელ დეკლან ქიდნს.

საბურთაო გარემოში

კელტების გურუ "ბოკესთან" ცდის 24 წლის ლენსთერელ ჯონათან სექსთონს, ვინც ფიჯთან გამოიჩინა თავი. ოგარა შემდეგ მსოფლიო თასზე 34 წლისა იქნება და 2003 წლის მსოფლიო თასის აქეთ, ყველა მნიშვნელოვან მატჩში - მათ შორის, "ექვსი ერის" 30-ვე რკენაში - დამწყები მგეზავი ყოფილა, მაგრამ კარიერის აისისა არ იყოს, დაისზეც დროდადრო ურევს, რაც გუნდს - ლომებს, ირლანდიასა თუ მანსთერს, ძვირად უჯდება.

სახურავის წყალობით "მილენიუმზე" იდეალური საბურთაო გარემო იქნება. ტაფიებმა და ოზებმა მანდ ბოლო ოთხ წელში ოთხი ჩინებული შოუ დადგეს: საერთო ძალისხმევით დაიდო 21 ლელო და მოგროვდა 195 ქულა, "ბურთების" უარესი სხვაობის მიუხედავად კი უელსი მოგებებით ჯობნის ავსტრალიას: ორჯერ უძლევია 24:22 (2005) და 21:18 (2008) ვოლაბიზი, ერთხელ ფრეს გამორჩენილა 29:29 (2006) და მხოლოდ მსოფლიო თასზე წაუგია 20:32 (2007)

მეტოქეებს სტაბილური რაზმები ჰყავთ. უელსი ნოემბრის ტესტებში ცხრა მოთამაშეს მეოთხედ აწყებინებს, ავსტრალიას კი მღლეტელად აღუდგენია დევიდ ფოქოქი. ოზების დუბლმა მოსათელ მატჩში, სამშაბათს, 31:3 გააბურთავა კარდიფის "ბლუზი, უელსს კი უკვე იმოტოლა არჩევანი გაჩენია, რომ თომ შენკლინი 22-კაცა რაზმშიც ვეღარა ხვდება.

თითოჯერ ალელოვებენ

ავსტრალია ბრიტანეთში 25 წლის წინდელი სლემის გასამეორებლად ჩავიდა, მაგრამ ინგლისის ჯობნის შემდეგ ჯერ ირლანდიაში დაჯერდა ფრეს, მერე კი შოტლანდიაში წააგო უდაოდ მოსაგები თამაში, რის გამოც შინ მედია აუჯანყდა, ესაო და როდემდე უნდა ვითმინოთ ამათი უკბილო ბურთაობა; აგებენ და არა ცხვენიათ; უსასრულოდ სწავლა და თითო ნაბიჯით წინსვლა ვის გაუგია. ჰოდა, თუ მაგ პროფესიონალებს ფანთა გულისწყრომა არად უღირთ, გასაგებ ენაზე უნდა დაელაპარაკოს კავშირი - გასამრჯელო დაუკავოსო.

ავსტრალია თუ უელსშიც წააგებს, რეიტინგში შეიძლება პირველად დაეშვას მეექვსე ადგილამდე. აფრიკას საფრანგეთში რომ წაუცდა ფეხი, ირბ-ის ნუსხაში ისევ ზელანდია დაწინაურდა. "ოლ ბლექსი" წლის ამ დროს ტრადიციულად ყოჩაღობს - იგივე საფრანგეთი ორჯერ დაუნგრევია ღამის მატჩებში, 45:6 (2004 სან დენი, 47:3 (2006 ლიონი) მაგრამ შეუძლებელია, სამი მარცხი არ ახსოვდეს - 18:20 კარდიფში, მსოფლიო თასზე; 22:27 წლეულს, დანიდინში და 33:42 ცხრა წლის წინ, როცა მეტოქენი მარსელში ბოლოჯერ შეიყარნენ.

ზელანდიამ ამ ტურნეზე ოდენ თითოჯერ დაალელოვა უელსი, იტალია და ინგლისი, მაგრამ ყველას უპრობლემოდ მოუგო. "ველოდრომზე" 82-ე კეპს მიითვლის ბეკი მალილი მულიაინა და კივთა სამარადჟამო სიაში კვაჭ შონ ფითსპატრიქის (92) კვალად მოეწყობა; ფრანგებს ტრავმათა გადამკიდე დააკლდებიან აფრიკის მომრევი ზორბა ფორვარდები, ემანოლ არენორდოკი და ლუი პიკამოლი, ირბ-ს კი მედიისთვის არ დაუზუსტებია, თუ რომელ საათზე, სად და როგორ გამოაცხადებს წლის საუკეთესო მორაგბის ვინაობას.

>>>    ჩრდილოეთის ტესტები

ბოლო, მეოთხე ვიქენდი

შაბ 28/11 * გლობალზე საქ დროით

18.25    ირლანდია - აფრიკა
21.10    უელსი - ავსტრალია
23.40    საფრანგეთი - ზელანდია
01.30    შოტლანდია - არგენტინა

<<    რაზმები

ავს: ეშლი-კუპერი ჰაინსი აიონი ქ.კუპერი მიჩელი <10-9> გიტო გენია / რობინსონი მური ელიგზანდერი; ჰორვილი მამი; ელსომი კაპ, ფოქოქი პალუ * მრქ) ბილი ოქონორი ბერჯესი / პოლოტა-ნაუ დანინგი; ჩიზომი ჯ.სმითი

არგ: აგუჯა ვორხესი ტიესი როდრიგესი არამვურუ <10-9> ს.ფერნანდესი იალანი / აიერსა ვასუალდო შელსო; კარისა ალვასეტე; კამპოსი ავადი ხ.ფერნანდესი კაპ * მრქ) სან-მარტინი ურდაპიჯეტა ფიგეროლა / კრივი რონსერო; ლოსადა ლეონარდი

აფრ: კერშნერი პიტერსენი ფური ულიფიე ჰაბანა <10-9> მ.სტეინი ფ.დიუპრე / მთავარირა ჯ.სმიტი კაპ ბჯ.ბოთა; ბკ.ბოთა მეტფილდი; ბრიუსო ბერგერი როსუ * მრქ) ჟ.დეფილიერსი პინარი / ბ.დიუპლესი ფანდერლინდე; ბეკერი დეიზელი დ.პოტხიტერი

ზელ: მულიაინა ჯეინი კ.სმითი ნონუ სივივატუ <10-9> კარტერი ქოუანი / ვუდქოქი ჰორი ტიალატა; სორნი დონელი; კაინო მაკქოუ კაპ, რიდი * მრქ) მაკალისთერი დონალდი ელისი / ფლინი ფრენქსი; ბორიჩი ლატიმერი

ირლ: ქარნი ბოუ ოდრისქოლი კაპ, პ.ვოლესი ერლსი <10-9> სექსთონი ოლირი / ჰილი ფლენერი ჰეისი; ოკალაჰენი ოქონელი; ფერისი დ.ვოლესი ჰიზლიფი * მრქ) დარსი ოგარა სთრინგერი / ქრონინი ბაქლი; ქალენი ობრაიენი

სფრ: ტრაი კლერკი მარტი ჟოზიონი მედარი <10-9> ტრენ-დიუკი დიუპიუი / ბარსელია სერვა მარკონე; შაბალი მიო-შლუსკი; დიუზოტუარი კაპ, უდრაოგო ბონერი * მრქ) ემონსი დავიდი პარა / შარჟევსკი მა; ნალე პურისელი

უელ: ჰუქი ჰაფ-პენი ჯ.რობერთსი ჯ.დევისი შ.ვილიამსი <10-9> სთ.ჯოუნზი პილი / ჯენქინსი რისი პ.ჯეიმზი; ავ.ჯოუნზი ჩარტერისი; პაუელი მ.ვილიამსი რ.ჯოუნზი კაპ * მრქ) თ.ჯეიმზი ბიშოფი მ.რობერთსი / ბენეთი დკ.ჯოუნზი; ჯ.თომასი ლიდიეთი

შტლ: რ.ლამონთი შ.ლამონთი ქერნსი გროუვი თ.ევანსი <10-9> გოდმენი კაზიტერი კაპ / ჯექობსენი ფორდი ლოუ; ჰაინსი ქელოქი; სთროქოში მაკდონალდი ბითი * მრქ) დელუკა პატერსონი ლოუსონი / ჰოლი თრეინორი; ვაითი ვერნონი

<<    "წლის საუკეთესოს" ნომინანტები

მეტ გიტო (ავს, ფური დიუპრე (აფრ, თომ კროფთი (ინგ, რიჩი მაკქოუ (ზელ, ბრაიან ოდრისქოლი (ირლ, ფრანს სტეინი (აფრ, ჯემი ჰიზლიფი (ირლ)

ჟიური: ჯონ ილზი (ავს * თავკაცი) ვილ გრინვუდი (ინგ, პოლ ვოლესი (ირლ, რაფაელ იბანიესი (სფრ, ფრანსუა პინარი (აფრ, აგუსტინ პიჩოტი (არგ, ტანა უმანგა (ზელ, სქოთ ქვინელი (უელ, გევინ ჰეისთინგსი (შტლ)

აქამდელი ლაურეატები: 2008 შეინ ვილიამსი (უელ, 2007 ბრაიან ჰაბანა (აფრ, 2006 რიჩი მაკქოუ (ზელ, 2005 დენ კარტერი (ზელ, 2004 სხალკ ბერგერი (აფრ, 2003 ჯონი ვილქინსონი (ინგ, 2002 ფაბიან გალტიე (სფრ, 2001 ქის ვუდი (ირლ)

<<< >>>