პირველი დუბლი მეოცე მოგებით

   შინაური სეზონის ფინიშზე, მზესა და ცივ ნიავში, ცოტა მოსეირის თვალწინ, ჩემპიონმა "ლელომ" დრამატულად, ერთი ქულით ძლია "ლოკომოტივი, შარშან მოგებული თასი შეინარჩუნა და პირველად შეასრულა დუბლი.

"ლელომ" თასის ფინალამდე წელს გამართული 19-ვე მატჩი მოიგო და გარდამავალი სინიც უპყრია. გუნდს სამჯერვე - 14, 7 და 19 ქულით ეძლია მეტოქე, ამჯერად კი მეორე და მესამე მეოთხედებში ჩამორჩა, ბოლოშიღა დაწინაურდა და დასასრულ თავიც დაიცვა.

მობურთალთა და მსაჯის წყალობით რაგბი ბარაქიანი ვიხილეთ. დაიდო სამი ლელო და ჯარიმაც ბლომად დაინიშნა. "ლელოს" დროდადრო ზომიერება ღალატობდა და სამი ქულის აღების ნაცვლად ლელოს გატანას ეშურებოდა, "ლოკო" კი უფრო პრაგმატულად რაგბობდა.

კიკერებმა კარგად ურტყეს - შესვენების წინღა ააცილეს თითო გასატანი. "ლელოდან" ხაზს ყოჩაღად ჭრიდა გიგა კორკელია. მისი გარღვევის შემდეგ, 3:6-ზე, "ლელომ" ოთხი ჯარიმიდან ორ-ორი დაკრა კიდეზე და გაათამაშა, მაგრამ ლელო მაშინღა გაიტანა, ლაშა ხმალაძემ შორს რომ მიაწოდა სანდრო თოდუას.

საარეკნე პლაცდარმი

6:10-ზე "ლოკოს" ბეკებმა მარჯვნივ გაფლანგეს მეტობა, მაგრამ მალევე იხეირეს მეტოქის უდროო იერიშით და ბექა წიკლაურმა განდაგან სვლით, ძალით შეიტანა ლელო. ბობა კვინიხიძემ შორიდან მეორედაც შეაგდო ჯარიმა, დასკვნითი ნახევარი საათის წინ კი, "ლელოს" ორი თეფისა და რეფთან კამათის შემდეგ, 11 ფინალის მომგებმა ვეტერანმა 12-მდე გაზარდა ფორა.

აქედან მოყოლებული, "ლელომ" 13 ქულა მოკრიფა, "ლოკომ" კი აქტივს ვეღარაფერი შემატა. გამარჯვებულთა მეორე ლელო მეტოქის დერეფანს მოყვა: ილია მაისურაძემ ჯიქურ შეუტია, გიორგი კაჭარავამ რაქიდან დროულად გამოუტანა ხმალაძეს და "ქოქოსამ" ფრთაზე დაურტყა თოდუას. ირაკლი ყიასაშვილმა უჩა მჭედლიშვილის რეიდის შემდეგ ჩამორჩენა ორამდე შეამცირა, გამარჯვების გოლი კი, მაქედან ათ წუთში, მაისურაძისვე გარჯით შეაგდო.

ბოლომდე ხუთი წუთით ადრე "ლოკომ" ფაზები კინძა, მაგრამ მეტოქის ნახევარზე ვერაფრით ვერ გადავიდა, ბოლო ორ წუთში კი, ძალური სოლოებით, კარის წინ შექმნა საარეკნე პლაცდარმი, მაგრამ კვინიხიძეს დარტყმა არ დასცალდა, რადგან ფორვარდებს ლელოდან 15 მეტრზე, კონტაქტში წინ დაუვარდათ ბურთი.

>>>    თასის ფინალი

ლელო 23:22 ლოკომოტივი

ლელო: ყიასაშვილი ზაალიშვილი კორკელია უ.მჭედლიშვილი თოდუა <10-9> ხმალაძე ჭინჭარაული (კაჭარავა 28) / მირცხულავა ჭყონია სუჯაშვილი; აზალაძე ხორბალაძე; ი.მაისურაძე კაპ, სარდანაშვილი კოლელიშვილი * მწ) მაისაშვილი მაისურაძე სუჯაშვილი - 2ლ: თოდუა; 2გ 3ჯ: ყიასაშვილი

ლოკო: წიკლაური ტუჩაშვილი კობერიძე ხუციშვილი (ქავთარაძე 74) კავთიძე <10-9> კვინიხიძე კაპ, ღვინჯილია / პეტრიაშვილი გენებაშვილი ნაცარაშვილი; გუჯარაიძე გუნიავა (ნიშნიანიძე 66; ჩიტიძე ბერიშვილი ზ.მაისურაძე * მწ) ბენდიაშვილი ჩავლეიშვილი - ლ: წიკლაური; გ 5ჯ: კვინიხიძე

რეფ ამირხანაშვილი; კიდ: ფულარია ბზეკალავა; კომ გ.მიქაბერიძე * კვი 29/11 ვაკე (300)

3:0(3) 3:3(5) 3:6(10) 10:6(22) 10:13(27) 10:16(34) ნახ (40+3) /
10:19(42) 10:22(51) 17:22(55) 20:22(59) 23:22(69) ბოლო (80+2)

<<    ამ საუკუნის გამარჯვებულები

ლოკომოტივი   2000 2003 2004 2005 2006
დათვები   2001 2002
ყოჩები   2007
ლელო   2008 2009

<<< >>>