ფიცხელ ბრძოლებში

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეორე, ჯორჯის (სამხრეთი აფრიკა) ეტაპი სტარტზე, დუბაიში გამარჯვებულმა ზელანდიამვე მოიგო და ქულებიც იმავე ცხრა გუნდმა მოკრიფა, ვინც არაბეთში ივარგა.

კივებს "უტენიკვა პარკზე" ფიცხელი ბრძოლები გადახდათ: პირველ პულურ რაუნდში ჩამორჩნენ სამოას და ვეღარ დაეწივნენ; მესამეში ძლივს მოუგეს უელსს და თასზე გავიდნენ; მეოთხედფინალში ბოლოსღა გაუსწრეს ინგლისს, ვისაც ეგონა, მეტოქე გავტეხეო; ფრიად საჭოჭმანოდ ძლიეს ფანობის კერპი კენიაც, ფინალში კი ფრთხილი, მომლოდინე პასაობით დააშამათეს ფიჯი, ვინც ჯანზე ვეღარ იყო.

გემოზე იბურთავა არგენტინამ, ვისაც ჩია, ერთობ მოძრავი და ტექნიკური ბიჭები ჰყავს. სამოა ბოლოს ექვს ქულასღა დაჯერდა; სერიის მოქმედი ჩემპიონის, მასპინძელი აფრიკის საქმე მაშინ წახდა, კაპიტანი პოლ დელპორტი რომ დაემტვრა; მზარდ რუსეთს კი კადნიერება ვერ ეყო, რათა ავსტრალია გაეგორებინა და მერე პორტუგალიასთანაც გაფლანგა ფორა.

ქარაფშუტული იერი

შვიდკაცა 2016 წლის, რიოს ოლიმპიადაში ჩართეს, მაგრამ ძნელად, რომ მაქამდე ამჟამინდელი ფორმით მიატანოს. საქმე ისაა, რომ თამაში დიდ ხანს რაგბის სახალისო ვერსია იყო, რის გამოც მშობლისგან გამოყოლილი ხინჯები ხომ მეტად ეტყობა და თანამედროვე სპორტის საზომითაც, ქარაფშუტული იერი დაკრავს.

დავიწყოთ იმით, რომ შვიდ კაცზე 70 მეტრი განის მოედანი მეტისმეტია, რის გამოც იოლი და არამი ლელოები ბლომად იდება. ბურთიც სულ ორი ხერხით, 5-ქულიანი ლელოთი და 2-ქულიანი გარდასახვით გადის და ანგარიშები გაბუქულია. არადა, თუ ლელო ორი ქულა ეღირება, ხოლო გოლი ერთი, შედეგი უფრო სწორად ასახავს მომხდარს და რაგბის რჯულზე მოსაქცევ ფანობასაც თვლა გაუადვილდება.

რაგბის პირველ-საწყისი

მთლად კურიოზულია დროის არღიცხვა. ტაიმის 7 წუთიდან ბარემ სამი პაუზათა გამო ცდება, სირენის შემდეგ კი იწყება ხშირად ორ-წუთა ალიაქოთი. ამდენად, უპრიანია, თუ შვიდკაცა გადმოიღებს ავსტრალიური ფეხბურთის წესს, სადაც საათი ბურთის გატანისა და კიდეზე გადასვლის შემდეგ ჩერდება.

მატჩში შერკინება თითო-ოროლა ინიშნება და ისე თამაშდება, რომ ვირეშმაკობას აგულიანებს. დერეფანი კიდევ უფრო იშვიათად ეწყობა. ამდენად, არაფერი დაშავდება, თუ შერკინებას შეცვლის თეფი (გასათამაშებელი თავისუფალი, ხოლო დერეფანს - კიდიდან უბრალო შემოგდება.

ამით მარგად გატარებული დროის წილი მოიმატებს და დატვირთვაც გაიზრდება, უფრო მთავარი კი ისაა, რომ დაგვრჩება ოდენ ბურთაობა (სირბილი, პასი) და ბრძოლა (ბოჭვა, მიწაზე ჩალიჩი) ანუ რაგბის პირველ-საწყისი!

>>>    ირბ-ის შვიდკაცის XI სეზონი

II ეტაპი. 11-12/12 ჯორჯი (აფრიკა)

<<    ბოლო პულური რაუნდი

(დ) ინგლისი 29:19 შოტლანდია
(გ) ზელანდია 17:10 უელსი
(ბ) ფიჯი 31:0 ავსტრალია
(ა) აფრიკა 12:12 კენია

<<    მოულოდნელობანი

(გ) ზელანდია 22:24 სამოა
(ბ) ავსტრალია 14:14 რუსეთი
(ა) საფრანგეთი 5:31 ზიმბაბვე

<<    მეოთხედფინალი

(ა1) კენია 24:12 ავსტრალია (ბ2)
(დ1) ინგლისი 19:22 ზელანდია (გ2)
(გ1) სამოა 19:26 არგენტინა (დ2)
(ბ1) ფიჯი 21:17 აფრიკა (ა2)

<<    ნახევარფინალი (ქულა)

(სინი) ინგლისი 24:5 ავსტრალია (6)
           აფრიკა 10:7 სამოა (6)

(თასი) ზელანდია 17:14 კენია (16)
            ფიჯი 19:14 არგენტინა (16)

<<    ფინალი

ფარი (XIII) შოტლანდია 28:19 საფრანგეთი
ფიალა (IX) უელსი (4) 14:5 რუსეთი
სინი (V) ინგლისი (12) 21:7 აფრიკა (8)
თასი (I) ზელანდია (24) 21:12 ფიჯი (20)

ზელანდია: დი-ჯეი ფორბსი კაპ, ლოტე რაიკამბულა, ტომასი თამა, ბენ სუნესი, შერვინ სთაუერსი, კურტ ბეიქერი, ზარ ლორენსი * პოლ გრანტი, ონოსაი აუვაკა, თობი არნოლდი, სავე ტოკულა, ბაქსთონ პოპოალიკი ^ მწ) გორდონ ტიეჩიენსი

<<    ქულა

48 ზელანდია (2თ: დუბაი ჯორჯი; 36 ფიჯი; 28 ინგლისი; 26 სამოა; 22 არგენტინა კენია; 18 ავსტრალია; 16 აფრიკა; 8 უელსი

<<    გასამართია

2010: 5-6/02 ველინგთონი (ზელ) 13-14/02 ლას ვეგასი (აშშ;
19-21/03 ადელაიდა (ავს) 26-28/03 ჰონკონგი (ჩინ;
22-23/05 ლონდონი (ინგ) 29-30/05 ედინბურგი (შტლ)

<<    თასი

1999-2009 (86 ეტაპი: 37 ზელანდია, 15 ფიჯი, 13 ინგლისი, 11 აფრიკა, 4 ავსტრალია, 3 სამოა, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

<<< >>>